დღეს, 27 იანვარს, სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე უნდა ემსჯელათ, დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
“დღეს, ბუნებრივია გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა ამაზე საუბარი. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზე, რაც იქნება მიღებული,”-ამბობს ირაკლი კობახიზე.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შესთავაზეს, თუმცა მათ ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის თქმით, მომდევნო შეხვედრაზე იქნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი და საბჭოც დააფიქსირებს თავის შენიშვნებს ამ საკითხებზე, თუმცა ჯერ უცნობია როდის გაიმართება ჯგუფის მომდევნო შეხვედრა.
შეხვედრის პარალალურად “სასამართლოს გადასარჩენად” ამ სახელწოდებით სასტუმრო რედისონთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს იმ წევრების გადადგომას ითხოვენ, რომლებმაც 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარი დაუჭირეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- გიორგი მიქაუტაძე;
- მარიამ ცისკაძე;
- ნინო ქადაგიძე;
- პაატა სილაგაძე;
- დიმიტრი გვრიტიშვილი;
- მერაბ გაბინაშვილი;
- ნინო სანდოძე;
- თამარ ალანია;
- გიორგი ტყავაძე.
21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.