ახალი ამბები

გარემოსდამცველებმა ვაკის პარკში საზეიმო შეკრება გამართეს

27 იანვარი, 2019 • 1497
გარემოსდამცველებმა ვაკის პარკში საზეიმო შეკრება გამართეს

გარემოსდამცველებმა მერიის გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება, დღეს, 27 იანვარს საზეიმო შეკრებით აღნიშნეს. “პარტიზანული მებაღეობის” წევრის ნატა ფერაძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეების გამარჯვების პრეცედენტი შეიქმნა. ფერაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ ადამიანები ვეღარ იტყვიან, რომ აქციებზე სიარულს აზრი არ აქვს.

“ეს ამბავი უნდა იყოს შემდეგი გამარჯვებების დასაწყისი. რაც შეეხება ვაკი პარკს, როგორც ხედავთ აქ ღობეა შემოვლებული, ყველას უჩნდება კითხვა რა იქნება შემდეგ. თბილისის მერიამ ჩვენ უკვე მიგვიწვია სხდომაზე, რომელიც 30 იანვარს ტარდება. ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე განხილვები იწყება. პარკის რეაბილიტაცია სწორი სტრატეგიით უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს კვლევის ჩატარებასა და კარგი საპროექტო წინადადების მომზადებას. არაერთი სწორი ნაბიჯია ამ მიმართულებით გადასადგმელი. ძალიან კარგია, რომ ამ პროცესში ჩაგვრთეს,”-უთხრა ნეტგაზეთს ნატა ფერაძემ.

როგორც აქტივისტი ამბობს, სანამ ინვესტორი მშენებლობის დაწყებისთვის დავობდა, იმ ადგილს, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო, სკეიტერები აქტიურად იყენებდნენ. ფერაძე ფიქრობს, რომ მერიას შესთავაზოს ამ ადგილას ექსტრემალური სპორტისთვის მოედანი გაკეთდეს.

ურბანისტის ცირა ელისაშვილის თქმით, კარგი იქნება თუ ვაკის პარკის მსგავს გადაწყვეტილებებს მერია სხვა მშენებლობის ნებართვებზეც მიიღებს. ერთ-ერთ მაგალითად ელისაშვილს მირზა შაფის ქუჩა მოჰყავს, სადაც მისი შეფასებით, რამდენიმე ოდიოზური პროექტის მშენებლობა იგეგმება.

“მშენებლობის ნებართვის მიუხედავად, ყოველთვის ვამბობდით რომ ეს მშენებლობა უკანონო იქნებოდა, რადგან  პარკის ადმინისტრაციული საზღვარი ნებართვების პროცედურებს მოარგეს. ის რაც მოხდა ალბათ იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული, რომელიც უნდა მომხდარიყო. თბილისის დღევანდელმა მერმა ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური ქულები ნამდვილად დაიწერა, თუმცა ეს არ გააკეთეს მისმა წინამორბედებმა,”-ამბობს ელისაშვილი.

25 იანვარს, სასტუმრო “ბუდაპეშტის” ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში არაფერი აშენდება. დედაქალაქის მერის თქმით, ინვესტორებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ, თუმცა, რა ტერიტორიაზე აშენდება სასტუმრო ვაკის პარკის ნაცვლად, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.

თბილსის მერმა მოქალაქეებსა და აქტივისტებს, რომლებიც სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ, მადლობა გადაუხადა:

“დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებლებთან. მე მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. ჩვნ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება შეთანხმების პირობებს, მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია ადგილმონაცვლეობაზე, დეტალები კი სამუშაო პროცესში დაზუსტდება.

“ბუდაპეშტის” ინვესტორს სანაცვლოდ რა ადგილი შესთავაზა მერიამ ინფორმაცია არ აქვს ნატა ფერაძესთან, თუმცა ის ამბობს, რომ 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ბიზნესმენი 9 მილიონს ითხოვდა.  მაგრამ როგორ დასრულდა ინვესტორთან მოლაპარაკებები მისთვის უცნობია.

“ძალიან კარგია, რომ ადგილმონაცვლეობა მოხდა, თუმცა ვთვლით რომ ეს უნდა მოხდეს ბიუჯეტისთვის ადეკვატურ თანხად. იმედი გვაქვს, რომ მშენებლობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ნახევარი რუსთაველი ან ბოტანიკური ბაღი არ “ჩამოუჭრეს” და იქ არ მოგვიწევს შემდეგ ამის გაპროტესტება. ვთვლით, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესი ცოტა გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა დაველოდოთ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი,”-ამბობს ნატა ფერიძე.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.

მერიის ინფორმაციით, მართალია, კომპანიის მშენებლობის ნებართვის ვადა გავიდა, მაგრამ სპეცნებართვა (ზონალური შეთანხმება), რომელიც  2013 წელს გაიცა და რომლის საფუძველზეც შემდგომ მიიღო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა  – უვადოა.  თავად მშენებარე კომპანია “შპს ტიფლის კოსტავას” დირექტორი, გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მერიას კომპანიისთვის უარის თქმის სამართლებრივი უფლება არ აქვს.

საპირისპიროს ამბობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათი თქმით, მერიას ხელეწიფებოდა სამშენებლო ნებართვის არგაცემა და, შესაბამისად, ვაკის პარკის დაცვა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, უმოქმედებას არჩევდა.

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი