ახალი ამბები

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დატოვეს

27 იანვარი, 2019 • 1203
ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს. ნეტგაზეთთან საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რა მიზნით ესწრებოდნენ შეხვედრას საბჭოს მიერ დასახელებული უაზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ნინო ქადაგიძესთან, თამარ ალანიასა და ნინო სანდოძის ერთად, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ, შერჩევის კრიტერიუმებზე არ უნდა მსჯელობდნენ.

“შეხვედრაზე მოიყვენეს ადამიანები, რომლებიც უშუალოდ სიაში იყვნენ. ჩემთვის მიუღებელია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ფორმით დათანხმდნენ სიაში ყოფნას და შემდეგ უკვე პარლამენტში წარდგენას, მათთან ერთად ვიმსჯელო კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება ისევ მოხვდნენ სიაში. შეხვედრაზე ნინო ქაგაგიძემ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა საბჭომ შემომთავაზაო. მეც იუსტიციის საბჭოს წევრი ვარ და საბჭოს როგორც ორგანოს არ უმსჯელია რომელი კანდიდატი უნდა წარგვედგინა. პირდაპირ ვკითხე ვინ შესთავაზა კანდიდატობა, რადგნა მეც საბჭოს წევრი ვარ და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამ შეკითხვის შემდეგ მან სხდომა დატოვა, “-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეხვედრის დატოვების შემდეგ, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ აზრს სამუშაო ჯგუფში არ ითვალისწინებენ, შესაბამიდ, ნაზი ჯანეზაშვილისა და მისი მონაწილეობა ამ პროცესში მხოლოდ ფორმალურია. როგორც დოლიძე ამბობს სამუშაო ჯგუფის წევრები ამით პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭებას ცდილობენ. “რაც არ უნდა ვთქვათ იქ, მაინც აისახება ისტაბლიშმენტის ირაკლი კობახიძისა და მოსამართლეთა ჯგუფის მოსაზრებები. სანამ მეტი გარანტიები არ მოგვეცემა, ამ ჯგუფში ჩვენს ყოფნას აზრი არ აქვს,”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის მტკიცებით, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიზანი ამ შეხვედრის ჩაშლაა. სასტუმრო რედისონში მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებიც ესწრებიან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობაა.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი