“ობიექტური ფაქტები გამოძიების დასადგენია, მაგრამ სუბიქტურად თუ მივუდგებით, ეროსი კიწმარიშვილი და “თვითმკვლელობა” ჩემთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ის მუდმივად ახალ პროექტებს იწყებდა და სულ ოპტიმისტურად იყო განწყობილი საკუთარი მომავალის თაობაზე. როგორც შევიტყვე, ბოლო ახალი პროექტი, რასაც ის აპირებდა, იყო ახალი პროგრამის გაყვანა „რუსთავი 2“-ზე. ეს პროექტი დააბრუნებდა მას სატელევიზიო სივრცეში და დამატებით დაცულობას მისცემდა მის მიერ შექმნილ ტელევიზიას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ჩართეს რუსული არხები, რომლებიც უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში გათიშეს, ქართულ ტელესივრცეში შემოვიდა რუსული „ფსბ“-ს კონტროლირებადი კაპიტალი, „რუსთავი 2“-ის გადარჩენა დემოკრატიის დაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ჯდება”.– წერს სააკაშვილი. 

 




შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ამავე თემაზე გუშინ, 19 ივლისს “რუსთავი 2″– ის ეთერითაც ისაუბრა. მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს სურს, ხოლო ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში ტელეკომპანიის წაღება რთული იქნებოდა. 


“მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, “რუსთავი 2” ერთმნიშვნელოვნად რჩება მთავარი სამიზნე რუსი ოლიგარქის და ასევე იმ ხალხის, ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტაჟს თუ რჩევებს. ის, რომ ეს მისი სამიზნეა, მას ჩემთვის ნათქვამი აქვს რამდენჯერმე, მათ შორის არჩევნების შემდეგ. პირდაპირ თვალებში ყურებით და რამდენჯერმე აქვს დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის ამ ტელევიზიას წაიღებს. მე არც ვჭორაობ, ეს არის ის, რაც მან თქვა საჯაროდ თქვა, და თქვა არაერთხელ. ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ის, რომ რეალურად ის იყო “რუსთავი 2”-ის შემქმნელი კოლექტივთან ერთად, მაგრამ ის იყო მთავარი შემქმნელი და ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობდა. ეროსის სიცოცხლის პირობებში “რუსთავი 2″-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, შეუძლებელი არ იქნებოდა, მაგრამ გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცამ მოიშორა, კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან და არ იქნებოდა სწორი მისი ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე”.– განაცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერით. 


ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *