ეროსი კიწმარიშვილს დღეს ტელეკომპანიიდან გამოასვენებენ. ამ წუთებში (12:34) “რუსთავი 2″– ის შენობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არხის გენერალური დირექტორის მოადგილის დუდუ კურდღელიას განცხადებით, კიწმარიშვილის ტელეკომპანიიდან გამოსვენების გადაწყვეტილება გარდაცვლილის ოჯახმა და კომპანიამ ერთობლივად მიიღეს:
“ოჯახის თხოვნაც იყო და კომპანიის სურვილიც, რომ ეროსის გამოსვენება მომხდარიყო “რუსთავი2″–დან, იმიტომ, რომ ეს კომპანია მისთვის იყო მშობლიური, ფაქტობრივად შვილივით იყო ეს კომპანია მისთვის. თანამშრომელიც იყო, ხელმძღვანელიც იყო, მეგობარიც იყო. იმ წლებში, როდესაც ეროსი მუშაობდა”რუსთავი 2″–ში, საფუძველი ჩაეყარა ყველაფერ იმას, როგორც დღესაა “რუსთავი 2”. ეროსის დიდი სურვილი იყო, რომ კომპანიას ჰქონოდა თავისი შენობა, საუკეთესო აღჭურვილობა, მის მფლობელობაში ეს ვერ მოესწრო, მაგრამ მის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდით ის იდეები, რაც მას ჰქონდა, გაგვეტარებინა”– განაცხადა კურდღელიამ.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
