ახალი ამბები

4 ბიზნესასოციაცია შეშფოთებულია მოსამართლეთა სიის წარდგენის პროცესთან დაკავშირებით

25 იანვარი, 2019 • 1071
4 ბიზნესასოციაცია შეშფოთებულია მოსამართლეთა სიის წარდგენის პროცესთან დაკავშირებით

4 ბიზნესასოციაცია შეშფოთებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიის წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნესასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატა ღია წერილით პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს.

“2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია. კანდიდატთა წარდგენა, როგორც ჩანს, განხორციელდა მცირე ან არანაირი ფორმალური და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნულ სიაშია მოსამართლეები, რომელთა გახმაურებულ საქმეთა გადაწყვეტილებების გარშემოც არსებობს შეკითხვები,”-ნათქვამია წერილში.

ბიზნესისასოციაციების შეფასებით, უზენაესი სასამართლო, როგორც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, წარმოადგენს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის სიმბოლოს. შესაბამისად, ბიზნესი მოითხოვს უმოკლეს დროში ჩამოყალიბდეს კონკრეტული საკვალიფიკაციო კრიტერიუმებით მოსამართლეობის კანდიდატებისთვის და განისაზღვროს სამართლიანი, გამჭვირვალე წესები.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო, რომელიც უკვე არსებობს ბევრ
დამკვირვებელს შორის. ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდავოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნესგარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე,”-ნათქვამია წერილში.

ხელმომწერები პარლამენტისგან ითხოვენ, უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონი და, საჭიროებისამებრ , კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რათა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. ამასთან, ბიზნესი მზადაა, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების განსაზღვრის პერიოდში მთავრობასთან და პარლამენტთან ითანამშრომლოს.

“ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ მთავრობასა და პარლამენტთან ნებისმიერი გზით, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ შესარჩევი და დანიშვნის პროცედურების სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებთან”.

წერილზე ხელს აწერენ ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს ბიზნესასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი