შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ბრალდებით თბილისში 5 პირი დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დაახლოებით 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ამოიღეს.
ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო” და ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ-მ და ა.ბ-მ ონლაინ-საკომუნიკაციო ერთ-ერთი აპლიკაციის მესენჯერში შექმნეს ჯგუფები – ე.წ. drug-shop-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმის ერთ-ერთ საიტზე ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ-მაღაზია. ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული – მ.ს. – აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით შსს-მ სამი პირი თბილისში, ფონიჭალაში დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და ამ შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა მოახდინეს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული თბილისში. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და 4 შეკვრა „მდმა“ ამოიღო.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.