პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსასამხურის ცნობით, მარგველაშვილი ქუთაისში მიემგზავრება და პარლამენტის სხდომას, რომელზეც ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია განიხილება, დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი პარლამენტში დაახლოებით სამი საათისთვის იქნება.
პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომა, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოხდეს, 12 საათზე დაიწყო.
პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან, რის გამოც პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.
პარლამენტარებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააცნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მათი პრეზენტაციის შემდეგ სიტყვით გამოდიან პარლამენტარები. ამ გამოსვლების შემდეგ სხდომა დასრულდება და გაიმართება საზეიმო მიღება.

