ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მეთოფიშვილი მმართველი გუნდის წინააღმდეგ ღიად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, რისი უფლებაც მოსამართლეს არ აქვს. ბესელიას განცხადებით, აპირებს, სარჩელით მიმართოს იუსტიციის საბჭოს, რათა სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყოს.

“…არასოდეს მე არ მახსოვს, როდესმე რომელიმე მოსამართლეს თავისთვის უფლება მიეცეს, მსგავსი პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა. ის გახლავთ იუსტიციის საბჭოს წევრი. არ მგონია, რომ მარტო თავის თავს ახმოვანებს. მგონია, და არაფერი მგონია უსაფუძვლოდ, რომ ახმოვანებს გარკვეული ჯგუფის პოზიციას. ეს კიდევ უფრო უარესია. ეს  ნიშნავს, რომ საბჭოში არიან ადამიანები, რომელთაც სრულიად მიუღებელი ფორმა აირჩიეს პოლიტიკურ ჯგუფთან, მმართველ გუნდთან დაპირისპირებისთვის. ესაა პოლიტიკურ პროცესში ღიად შემოსვლა, რისი უფლებაც მოსამართლეს არ აქვს.

ვამზადებ საჩივარს, რომ იუსტიციის საბჭოს მივმართო. გუშინ ვიფიქრე და მივხვდი, რომ არ შეიძლება ამის რეაგირების გარეშე დატოვება. მოვითხოვ, დაიწყოს დისციპლინური წარმოება ამ მოსამართლის მიმართ. თვითონ საბჭოს წევრია და გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არის, თუმცა ამ პროცესს არ ვუყურებ მხოლოდ საბჭოს დონეზე. ვაპირებ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივყვე, ყველა ინსტანციას გაივლის და ეს იქნება მაგალითი, რომ არასოდეს, არცერთმა მოსამართლემ თავს არ მისცეს უფლება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს ღიად და ეს რეაგირების გარეშე დარჩეს”, – აცხადებს ის.

ეკა ბესელიას ეს პასუხი ეხმიანებოდა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სერგო მეთოფიშვილის ბრალდებას შეეხებოდა. მოსამართლემ ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომლითაც ბესელია, რამდენიმემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, მუქარასა და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.