საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატობის 10-კაციან სიას, უნდა დატოვონ თანამდებობა. ამის შესახებ დეპუტატმა მმართველი პარტიაში უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის მთავარი თემაც სწორედ აღნიშნული მოსამართლეების სია გახლდათ.
“ალბათ, იდეალური გამოსავალი არის ის, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა, ვინც ხმა მისცა იმ 10 უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, თხოვნით მივმართავ და ჩემს მოსაზრებას ვუზიარებ, თავისი ნებით დატოვონ ეს თანამდებობები,” – განაცხადა ლევან კობერიძემ.
უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ხელახლა უნდა შეირჩნენ შესაბამისი პროცედურებით, რაც არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ლევან კობერიძის თქმით, ეს უნდა იყოს მთავარი ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს კითხვის ნიშნები და ეს საკითხი არ გახდეს შემდგომი პოლიტიკური ვნებათაღელვის საკითხი:
“აქ ყველამ, ალბათ, უნდა გამოიჩინოს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა, რომელიც გავაჟღერე [დღევანდელ შეხვედრაზე]. იყო სხვა მოსაზრებებიც, რომლის შეჯერების პროცესიც მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ საერთო პოზიციას.”
დღეს, 24 იანვარს, ქართული ოცნების მთავარ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მთავარი საკითხი სწორედ უვადო მოსამართლეების სია იყო, რის შესახებაც მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ქართული ოცნების ოფისთან პარალელურად მიმდინარეობდა რამდენიმე ჯგუფის საპროტესტო აქცია, მათ შორის, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” და საფინანსო ორგანიზაცია “საქართველოს” დაზარალებულების. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საყვირებითა და ხმის გამაძლიერებლებით ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიწვდენას. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მმართველი პარტიის ოფისიდან არავინ ჩამოსულა.