ნეტგაზეთი | “რაზეც საერთოდ არ ვფიქრობ, არის ეს საკითხი” – ბესელია პარტიიდან შესაძლო გარიცხვაზე “რაზეც საერთოდ არ ვფიქრობ, არის ეს საკითხი” – ბესელია პარტიიდან შესაძლო გარიცხვაზე – Netgazeti
RU | GE  

“რაზეც საერთოდ არ ვფიქრობ, არის ეს საკითხი” – ბესელია პარტიიდან შესაძლო გარიცხვაზე

დღეს, 24 იანვარს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ეეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვის შესახებ არ ფიქრობს და ეს არასერიოზულ საკითხად მიაჩნია.

როგორც ბესელია განმარტავს, დღეს სპეციალურად ამ სხდომისთვის ჩამოფრინდა ბრიუსელიდან და აქვს იმედი, რომ შეხვედრა საქმიან ფორმატში ჩაივლის.

“ძალიან მინდა და მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი შეხვედრა და მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში პირველია დეკემბრის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა ისეთ სახელმწიფოებრივ საკითზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოების რეფორმის საკითხი – ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, ის მზად არის, რომ თავისი პრინციპული პოზიციები უმრავლესობის სხვა წევრებს გაუზიაროს. იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ბესელია შეხვედრის დროს შეეხება, მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია და სასამართლოს რეფორმა შედის.

“მე ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც ძალიან პრინციპულია, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რომელიც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. ძალიან მყარი არგუმენტები მაქვს, ვიმედოვნებ, რომ სწორედ ასეთი, არგუმენტებით სავსე საუბარი იქნება დღეს და მინდა დავიტოვო იმის იმედი, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე,” – დასძენს ის.

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან შესაძლო გარიცხვის საკითხს, დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე საერთოდ არ ფიქრობს. ეს საკითხი იმის შემდეგ წამოიჭრა, რაც 2 იანვარს ექსპერტმა გია აბაშიძემ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ბესელიას პარტიიდან გარიცხავზე მსჯელობას აპირებდა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გამართულ სხდომაზე.

” მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის იმიტომ, რომ თუ რაიმეს ადგილი გონებაში არ არის და რაიმეზე საერთოდ არ ვფიქრობ – ეს არის ეს საკითხი. და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არც დრო და არც გონებაშია ადგილი, ამით რომ დავკავდე. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც მყარი პოზიციები და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის შეხიდება და მხარდაჭერა. ვანსხვავებ და მიმაჩნია სახელმწიფოებირვი მნიშნვლობის საკითებხა და შიდა პარტიულ ურთიერთობებს შორის.

მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან, თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას? ჩემთვის ეს არ არის მთავარი კითხვა, ჩემთვის მთავარი კითხვა არის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვისა და მომავლისთვის, ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა, და მე სად ვიქნები, ეს არის მეათე ხარისხის კითხვა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან