ახალი ამბები

რაში ჭირდებოდა ეროსი კიწმარიშვილს მეორე იარაღი და იყიდა თუ არა?

16 ივლისი, 2014 • • 2417
რაში ჭირდებოდა ეროსი კიწმარიშვილს მეორე იარაღი და იყიდა თუ არა?

ნანეტაშვილის თქმით, 14 ივლისს იგი კიწმარიშვილთან ერთად საბურთალოზე მდებარე იარაღის მაღაზია “დიანაში” იარაღის შესარჩევად იმყოფებოდა. მისი განმარტებით, ეროსი კიწმარიშვილს ერთი გაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომლისთვისაც ვაზნების შეძენას აპირებდა, ასევე სურდა, რომ ეს იარაღი ძმისთვის გადაეფორმებინა და ეჩუქებინა. ნანეტაშვილის თქმით, ეს იარაღი, რომლის ვაზნებიც კიწმარიშვილს არ ჰქონია, დიდი ხნის წინ აჩუქეს:

 

“თვითონ ამბობდა ამას, რომ [ვალერი]ხაბურძანიამ თუ ვიღაცამ მაჩუქა დიდი ხნის წინო”.

 

ამის შემდეგ კიწმარიშვილს იარაღის მაღაზიაში აუხსნეს, რომ ძველი იარაღის გაფორმებას დიდი ხანი დასჭირდებოდა, რადგან მას ექსპერტიზა და სხვა პროცედურები უნდა გაევლო, რის შემდეგაც მან ახალი იარაღის ყიდვა გადაწყვიტა. შეარჩია CZ-ს ტიპის პისტოლეტი, რომლის ღირებულებაც 1750 ლარს შეადგენდა – მაღაზიიდან აიღეს საბუთი და გასაფორმებლად პოლიციაში წავიდნენ.

“მაღაზიიიდან წავედით ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც იარაღის რეგისტრაცია ხდება, საბუთის გაფორმებისთვის. პოლიცაში რომ მივედით, ზუსტად 17:35 საათი იყო. პოლიციაში  გვითხრეს, რომ 17:30 საათამდეა მუშაობა და უკვე 5 წუთია, რაც დასრულადო”, – ამბობს ნანეტაშვილი და დასძენს, რომ კიწმარიშვილმა იარაღის რეგისტრაცია მეორე დღისთვის, ანუ 15 ივლისისთვის გადადო. ამასთან, მან იარაღის მაღაზიას 100 ლარი დაუტოვა ბეს სახით, რათა მის მიერ შერჩეული იარაღი არ გაეყიდათ. ნანეტაშვილის თქმით, როგორც ჩანს, კიწმარიშვილი 15 ივლისს ირაღის რეგისტრაციაზე უკვე მარტო მივიდა. ტელეკომპანია თრიალეთის დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მან დაახლოებით 14:00 საათზე კიწმარიშილს დაურეკა და ჰკითხა, რამდენად ადვილად გაიარა რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები, რადგან იარაღის შეძენას თვითონაც აპირებდა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ “ძალიან მარტივად, დაახლოებით ერთ საათში მოგვარდა ყველაფერი.”  ნანეტაშვილის თქმით, მათ განუმარტეს, რომ როდესაც ადამიანს მართვის მოწმობა აქვს, იარაღის რეგისტრაციისთვის ჯანმართელობის ცნობას და სხვა დეტალებს აღარ სთხოვენ, რაც პროცედურებს ბევრად ამარტივებს. იგი იხსენებს, რომ კიწმარიშვილი 14 ივლისს მას იარაღის ტირში გამოცდასაც სთავაზობდა, რომელიც მაღაზია “დიანაში” მდებარეობს.


კითხვას, რატომ არ თქვა მან კიწმარიშვილის ცხედრის აღმოჩენისთანავე, თუ იცოდა, რომ ამ უკანასკნელს იარაღი ახალი ნაყიდი ჰქონდა, ნანეტაშვილი პასუხობს, რომ მისთვის ეს კითხვა ჟურნალისტებს არ დაუსვამთ და როდესაც დაუსვეს, მაშინ ილაპარაკა ამ საკითხზე – 15 ივლისის გადაცემა “არჩევანში” (რუსთავი 2) ჩართვისას.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ დაარეგისტრია შეძენილი იარაღი კიწმარიშვილმა საკუთარ სახელზე, თუ ძმისთვის ჩუქებას აპირებდა, ბადრი ნანეტაშვილს  პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ კიწმარიშვილმა ეს საკითხი უცებ გადაწყვიტა. იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ყიდვის შემდეგ აპირებდა CZ-ს ზურა კიწმარიშვილისთვის გადაფორმებას, რომელსაც დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა:

 

“თვითონ ძმაც ამბობს, რომ ხშირად ერთი თვის შემდეგ მოჰქონდა ხოლმე საჩუქარიო”.

 

რაში სჭირდებოდა ეროსი კიწმარიშვილს ახალი იარაღის შეძენა თვითმკვლელობისთვის, თუ მას უკვე ჰქონდა ძველი პისტოლეტი, როგორც ამას ნანეტაშვილი ამბობს, ოღონდ ვაზნების გარეშე? – ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელიც სწორედ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა და რომელსაც პროკურატურა აწარმოებს.

პეკინის ქუჩაზე მდებარე იარაღის მაღაზია “დიანა”, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი შეიძინა, მუშაობას დღესაც ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა მაღაზიის გამყიდველები და დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებისთვის კომენტარს არ აკეთებენ და გვირჩევენ, რომ “პროკურატურის პრესსამსახურს დავუკავშირდეთ”. თავის მხრივ არც პროკურატურაში პასუხობენ ნეტგაზეთის შეკითხვას, აუკრძალეს თუ არა მოწმეებს ჟურნალისტებთან საუბარი.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, СZ ტიპის იარაღი კიწმარიშვილმა 15 ივლისს, დილით 11 საათისათვის იყიდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, კიწმარიშვილის მაღაზიაში (ორჯერ) შესვლის ფაქტს მინიმუმ 3 სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდა, აქედან 2 უშუალოდ მაღაზიას ეკუთვნის, ხოლო მესამე – ასევე  პეკინის #28-ში განთავსებულ რესპუბლიკა ბანკის ფილიალს. ტერიტორიაზე მე-4 კამერაც არის, ასევე, ბანკი “რესპუბლიკას” საკუთრება, თუმცა ის ისეა დამონტაჟებული, რომ იარაღის მაღაზიის შესასვლელს ვერ დააფიქსირებდა.

 

 

მაღაზია “დიანას” დაცვის თანამშრომლებმა, ასევე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომლებამაც ჟურნალისტებს მაღაზიის დატოვება მოსთხოვეს, არ უპასუხეს ნეტგაზეთის შეკითხვას, რამდენ ხანს ინახავს კამერა ჩანაწერს და გადასცეს თუ არა მათ ხელთ არსებული ფირი პროკურატურას. დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ არ იციან, რამდენ ხანს ინახავს კამერა ჩანაწერებს.


იარაღის მაღაზია დიანა
იარაღის მაღაზია დიანა

 

 

რაც შეეხება რესპუბლიკა ბანკს, ფილიალში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სათვალთვალო კამერის საკითხზე ისინი ვერანაირ პასუხს ვერ გაგვცემენ და ბანკის ცენტრალურ ოფისში გადაგვამისამართეს.  ბანკის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  ჟურნალისტებს კამერის ჩანაწერებს არ გადასცემენ და არც იმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რამდენ ხანს ინახება ეს ჩანაწერები, თუმცა განაცხადეს, რომ ასეთ საკითხზე ბანკი მხოლოდ გამოძიებას აწვდის ინფორმაციას.  

გარდა ამისა, თუ ეროსი კიწმარიშვილი პეკინის 28 ნომერში მანქანით მივიდა, მისი ავტომობილის დაფიქსირება პეკინის ქუჩაზე, შუქნიშნებზე განთავსებული კამერებიდანაც (4 კამერა) იქნებოდა შესაძლებელი, რომლებიც მაღაზიიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია დამონტაჟებული. ასევე, როგორც ცნობილია, სათვალთვალო კამერები პოლიციის შენობებშიცაა განთავსებული, ერთ-ერთ მათგანში კი, ნანეტაშვილის თქმით, ის და კიწმარიშვილი 14 ივლისს მივიდნენ 17:35 საათზე.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა პროკურატურა ზემოხსენებული სათვალთვალო ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე:

“ეს არის საგამოძიებო მოქმედება და ვერაფერს ვერ გეტყვით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველას გაგაგებინებთ, მაგრამ ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნათია სუხიაშვილი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ავტომანქანაში, რომელიშიც ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც კიწმარიშვილის სახელზე 15 ივლისს, ანუ მის გარდაცვლების დღესაა რეგისტრირებული.

 

 

“შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ მანქანაში აღმოჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს – 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა”, – ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ამავე განცხადებაში ეს ინფორმაცია მითითებული არ იყო და მოგვიანებით ჩაამატეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი