ახალი ამბები

მაია ნიკოლაშვილი: ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას

16 ივლისი, 2014 • • 1282
მაია ნიკოლაშვილი: ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას

“ვერც მე და ვერც ერთი სამედიცინო ექსპერტი ვერ გეტყვით, მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, ეს არის გამოძიების პრეროგატივა. ის, რაც ნანახია, უკვე სხვა მონაცემებთან ერთად, რა თქმა უნდა, უნდა შეჯერდეს, – შემთხვევის ადგილი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას, აღბეჭდილია ტიპური “შტანცმარკა”, ლულის ანაბეჭდია და ძალიან მძლავრი იარაღია, გამომდინარე იქიდან, რომ ქალა-ძვლის დაზიანებებია საკმაოდ ძლიერი. სხვა რაიმე დაზიანება არ იყო ნანახი, გარდა ერთი, აბსოლუტურად უმნიშვნელო ნაჭდევისა ხელის მტევანზე, რომელიც 2 მმ-საა, რასაც რაიმე კავშირი რაიმე დაზიანებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. უკვე დანარჩენი გამოძიებამ უნდა შეადაროს იმ იარაღს, იმ მონაცემებს, უკვე შიგნით სისხლის კვალი და ა.შ. აღებულია გამოსაკვლევად ძალიან ბევრი რამ,”- ამბობს მაია ნიკოლაიშვილი.


ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გუშინ, 15 ივლისს, ღამით გადაიყვანეს. 

 

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ცნობით, მას თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიც.

 

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. “რუსთავის სადაზღვევო კომპანია. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გაზეთი “რუსთავის ახალი გაზეთი” და მოგვიანებით შ.პ.ს. “გამა+” რომელმაც შექმნა “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, 1994-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორად. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. 2007 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად. 2007 წლის დეკემბერში იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს იყო “ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა “მაესტროს” მართვის კომპანიას. 2014 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მერის პოსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი