“ტარიფებს რაც შეეხება, არანაირი ზრდა არ ემუქრება. იყო განცხადება ენერგო პროს წარმომადგენელიდან, რომელიც საერთოდ გაურკვეველია ჩვენთვის – ზრდა დენის ტარიფს არ ემუქრება და იქნება შენარჩუნებული ის ტარიფი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და მოხდა 4 თეთრით შემცირება”, – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
“მიმაჩნია, რომ მიზანმიმართული კამპანია იყო ეს გუშინ, რაღაც აგორებული ტალღა. სრულიად უსაფუძვლო და ის განცხადებები, რაც გაკეთდა, იყო მიზანმიმართული იმისაკენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სემეკმა წარმოადგინა ელექტროენერგიის ტარიფის დათვლის ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ახალი ტარიფი დაუდგინდება 1 სექტემბრიდან “ენერგო პრო ჯორჯიას”. აღნიშნული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გუშინ განაცხადა, რომ ტარიფი 0.5 ან 1 თეთრით გაძვირდება, თუკი ის ინვესტიციებს განახორციელებს, რომლის კომპონენტი ტარიფის ახალ მეთოდოლოგიაში ჩადებულია. გუშინვე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა არ მოხდება.