ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ეროსი კიწმარიშვილი მისი თანაკურსელი იყო:

 

“ძალიან დამწყდა გული იმიტომ, რომ ეროსის სტუდენტობიდან ვიცნობდი. ერთ კურსზე ვსწავლობდით. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში დაადგინოს მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს ტრაგედია. გამოძიება, როგორც ყველა სხვა საქმე, სპეციფიკურია და ექსპერტიზას მოითხოვს. მე არ გამოვდგები, ალბათ, შემფასებლად. ალბათ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაადგინოს ამ ტრაგედიის რეალური მიზეზი.”

 

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გამოძიებას კიწმარიშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დკავშირებით არანაირი ვერსია არ დაუსახელებია:

 

“გუშინ მთელი დღე სპეკულაციები მიდიოდა, თითქოს ნაადრევად იქნა რაღაც ვერსიები გამოძიების მხრიდან ნათქვამი, არანაირი ვერსია გამოძიებას არ დაუსახელებია, უბრალოდ, გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მუხლით და არა ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსით და ამ შემთხვევაში ეს მუხლი იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა. ხვალ, ზეგ და შეიძლება დღესვე გადაკვალიფიცირდეს მუხლი, თუკი შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, სხვა ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი”.

 

საქართველოს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, ეს “ძალიან საფრთხილო თემაა და წინასწარ საუბარი ამაზე ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი”:

 

“ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. ყველა, ვფიქრობ, რომ არის შეწუხებული, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრები, მაგრამ აუცილებელია გამოძიებას მივცეთ შესაბამისი დრო, რომ ზუსტად და სწორად მიგვიყვანოს იმ ფაქტებამდე, რომელიც ნამდვილად მოხდა. ამიტომ წინასწარ კომენტარის გაკეთება, რომ ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა არის ცოტა ნაადრევი”.

 

ეროსი კიწმარიშვილი გუშინ, 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *