ახალი ამბები

“ნუ დაიჯერებთ, რომ საფრანგეთში თავშესაფარს მიიღებთ” – ელჩის გაფრთხილება

22 იანვარი, 2019 • 5411
“ნუ დაიჯერებთ, რომ საფრანგეთში თავშესაფარს მიიღებთ” – ელჩის გაფრთხილება

საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს თქმით,  საფრანგეთსა და საქართელოს შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობა თეორიულად არსებობს, თუმცა, პოლიტიკურად, საფრანგეთს ამის გაკეთება არ სურს. ინტერვიუში, რომელიც მენიემ ქართველ ჟურნალისტებს მისცა და რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს, ელჩი ამბობს, რომ ბოლო დროს საფრანგეთში  საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფარის მაძიებელი ქართველების რიცხვი.

“თეორიულად არსებობს ასეთ შესაძლებლობა [უვიზო მიმოსვლის შეჩერების], რადგან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი დონე აძლევს შენგენის წევრ სახელმწიფოებს უფლებას, აამუშაოს შეჩერების მექანიზმი, მაგრამ პოლიტიკურად ამის გაკეთება არ გვსურს. რადგან არ გვინდა, მათ გამო, ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან. რაც შევამჩნიეთ, ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ, რაიმე ქსელი ხელმძღვანელობს მათ, ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგან ვერ პოულობენ, იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები,” – ამბობს ელჩი.

მისი თქმით,  ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან პრობლემები არამხოლოდ საფრანგეთს, არამედ შვედეთსაც აქვს. როგორც მენიე განმარტავს, ეს იმიჯი საქართველოს ძალიან აზიანებს.

“ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს ძალიან აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი – ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენთვის.

ამიტომ გამოსავლის მოსაძებნად საფრანგეთის, საბერძნეთის, შვეიცარიის, შვედეთისა და გერმანიის ელჩები გასულ კვირას საქმიან ლანჩზე შევიკრიბეთ და გავცვალეთ ინფორმაცია ამ საკითხზე, ვიმსჯელეთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამ კვირის განმავლობაში ვაპირებთ, რომ მინისტრ გახარიას შევხვდეთ იმისთვის, რომ მასთან პირადად განვიხილოთ ეს საკითხი,“ – განაცხადა პასკალ მენიემ.

ინტერვიუში საფრანგეთის ელჩი დასძენს, რომ მხოლოდ დეკემბრის თვეში საქართველოდან თავშესაფრის 1 000 მაძიებელი იყო, მაშინ როდესაც ქვეყანა თავშესაფარს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იძლევა. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გარკვეული ზომების გატარებაა აუცილებელი.

“შენგენის რამდენიმე ქვეყანა, პირველ რიგში, საფრანგეთი, მაგრამ ასევე შვედეთი, გერმანია, საბერძნეთი და შვეიცარია, თავშესაფრის მაძიებელთა ძალინ მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშე დგანან. საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე დაახლოებით 2 000 ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან, საშუალოდ, 7%-ს ვაკმაყოფილებდით, რადგან თავშესაფარს ჩვენ იმ ხალხს ვანიჭებთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT თემის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება. მაგრამ რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მიზეზის იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვის დიდი იყოს, რეალურად არ არსებობს.

ელჩის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რიცხვი პროგრესულად იზრდება და 2017 წელს მან 6 ათასს მიაღწია. დეკემბერში კი, მხოლოდ ერთ თვეში, 1 000 იყო.

“პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვინდა თავშესაფარი მათ მივანიჭოთ, ვინც მართლა იტანჯება. მაგალითად, სირიიდან, ავღანეთიდან და საქართველოდანაც თუ მართლა იდევნება, მაგრამ საქართველოდან უფრო არა პოლიტიკური დევნილები, არამედ ეკონიმიკური მიგრაციაა, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან გაიგზავნებიან საქართველოში მათივე ხარჯით და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას,” – ამბობს პასკალ მენიე.

მასალების გადაბეჭდვის წესი