ახალი ამბები

“ოცნების” ოფისში ხუთშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება

22 იანვარი, 2019 • 892
“ოცნების” ოფისში ხუთშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება

ხუთშაბათს, 11:00 საათზე, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება. გაფართოებულ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

შეხვედრაზე დასწრებას თანაპარტიელებთან დაპირისპირებული უმრავლესობის წევრებიც გეგმავენ. როგორც რუსთავი 2-ს გედევან ფოფხაძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში არ დაესწრება სხდომას, თუ ამას თავად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ეტყვის.

ჩემს პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი და არავისთან მოსარიდებელი არაფერი არ მაქვს. მგონია, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი არის ძალიან პრინციპული, ამიტომ, იმის გამო, რომ ადამიანი გარიცხო უმრავლესობიდან ან საერთოდ რაღაც სანქციები გამოიყენო, ეს, ჩემი აზრით, არანაირი სტანდარტით და ლოგიკით არ შეიძლება იყოს მერე ახსნილი. ამიტომ ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ და არ მაინტერესებს”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ფოფხაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სხდომაზე დასწრება შეუძლია უმრავლესობის ყველა წევრს და მათ მოსაწვევები უკვე გაეგზავნათ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ე.წ. ურჩი დეპუტატების თემა იქნება, თუმცა, მიიღებენ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მათ გარიცხვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ დეპუტატი არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი