“ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუ ეს არის თვითმკვლელობა, როგორც ამას ამბობენ. როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს, იმიტომ, რომ ყველა დაინტერესებულია, ჭეშმარიტება დადგინდეს მიზეზებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ზომიერება არ გვაწყენდა ყველას, როცა გარდაცვლილი ადამიანის სიკვდილის მიზეზების დადგენასთან გვაქვს საქმე,”- განუცხადა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ს.
ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე მკვდარი იპოვეს.
ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. “რუსთავის სადაზღვევო კომპანია. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გაზეთი “რუსთავის ახალი გაზეთი” და მოგვიანებით შ.პ.ს. “გამა+” რომელმაც შექმნა “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, 1994-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორად. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.
2007 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად. 2007 წლის დეკემბერში იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს იყო “ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა “მაესტროს” მართვის კომპანიას. 2014 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მერის პოსტზე.
