ახალი ამბები

სააკაშვილი: სდსს–ს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს

14 ივლისი, 2014 •
სააკაშვილი: სდსს–ს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს

“გავიგე, რომ თემურ ჯანაშია, ჩვენი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა უკვე ჩემი თანაშემწე საზღვარზე გააჩერეს და ქვეყნიდან აღარ უშვებენ, ის უნდა დამხმარებოდა აქ რაღაცებში. წინა ჯერზე რამდენიმე ჩვენი წევრი დააკავეს, რომ კიევში არ ჩამოსულიყვნენ და მე არ ვენახე, დღეს დაცვის თანამშრომლები დაკითხეს, ჩვეულებრივი პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შევარდნაძის დაცვაშიც იყვნენ, ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი არიან საქართველოს სამსახურში და არა რომელიმე ცალკეული პრეზიდენტის სამსახურში. დღეს დაიბარეს დასაკითხად სანდრას დამლაგებელი სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურაში, ყველაფერს ხომ აქვს რაღაც საზღვარი და რაღაც წესები ხომ არსებობს? ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე და, რა თქმა უნდა, ყველა მხრებს იჩეჩავს და აზარალებს საქართველოს რეპუტაციას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის დაცვის ყოფილი წევრები და მათი ოჯახის დამლაგებელი.

საქმე სავარაუდოდ ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

დაკითხვის დეტალებზე დღეს არც ადვოკატებს და არც თავად დაკითხვაზე მყოფ პირებს უსაუბრიათ, რადგან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

როგორც სდსს–ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია აცხადებს, საუბარი მისი მუშაობის პერიოდში სდსს–ს ფინანსურ საკითხებს შეეხებოდა და გამომძიებელმა მისგან ამომწურავი პასუხები მიიღო.

“იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველა კითხვას, რაც კი თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით დაისვა, გაეცა ამომწურავი და სრული პასუხი”, – ამბობს ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია.

სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი რამაზ ლაფაჩიშვილი, რომელიც ამჟამად რუსთავი 2–ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის ვალერი კილაძის დაკითხვა კი ჯერაც არ დასრულებულა.

 

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საიდუმლო გრიფით ხარჯავდა ფინანსურ სახსრებს პრეზიდენტის დავალებით. ეს დოკუმენტაცია ახალმა მთავრობამ გასული წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ტაილანდის კურორტ ფხუკეთში და სხვა ადგილებში დაისვენა, ასევე, ამ თანხებით დაფარა მისი უმცროსი ვაჟის სწავლის გადასახადიც, სხვადასხვა პირებისთვის შეიძინა საჩუქრები და ა.შ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით (მითვისება/გაფლანგვა) დაიწყო გასული წლის გაზაფხულზე, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი