ახალი ამბები

ბეჟუაშვილის სახელით გაზის აფეთქებაზე გავრცელებული განცხადება ყალბია – GIG

18 იანვარი, 2019 • 3117
ბეჟუაშვილის სახელით გაზის აფეთქებაზე გავრცელებული განცხადება ყალბია – GIG

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის(GIG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბეჟუაშვილის სახელით გავრცელებული განცხადება, რომელშიც თითქოს ის კომპანია “ყაზტრანსგაზსა” და დიდ დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრობს, ყალბია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინდუსტრიული ჯგუფის პრესსამსახურში განუცხადეს.

ბეჟუაშვილის სახელით განცხადება სოცუალურ ქსელში, დღეს, 18 იანვარს გავრცელდა.      თავდაპირველად ტექსტი ბეჟუაშვილის ფოტოსთან ერთად, სავარაუდოდ, ერთ–ერთ ფეისბუქ გვერდზე აიტვირთა. მასში ვკითხულობთ:

“დიახ, ვადასტურებ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის” მფლობელი კომპანია ჩემს საკუთრებაშია, მაგრამ ამ ფაქტის კომპანიაზე გადმობრალება არასწორი მგონია.

ეს არის უბედური შემთხვევა, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება და სწორად გამიგეთ, სამი ოთხი დაღუპულის გამო, სრულიად საქართველოს გაზის მიწოდებას ვერ შევუწყვეტთ. გასაგებია, რომ ტრაგედია დატრიალდა და მეც ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მაგრამ ამ ფაქტში კომპანიის დადანაშაულება არალოგიკურად მიმაჩნია.”

გვერდი, სახელწოდებით Contact News, რომელმაც  აღნიშნული ტექსტი გაავრცელა, 1 კვირის წინაა შექმნილი და სულ რამდენიმე ათეული გამომწერი ჰყავს. თუმცა ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პოსტი გვერდმა დაასპონსორა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა მფლობელმა ფული გადაიხადა, რათა მეტ ადამიანს ენახა.

პოსტი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ის ასობით ადამიანმა გააზიარა და დააკომენტარა. ბეჟუაშვილის სახელით გავრცელებული განცხადება რამდენიმე სააგენტოს გვერდზეც მოხვდა.

“ამგვარი განცხადება ბუნებაში არ არსებობს”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” ინდუსტრიულ ჯგუფში. განმარტება ტექსტის სიყალბის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდმაც გაავრცელა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამგვარი ინტერვიუ, განმარტება ან განცხადება არ გაკეთებულა და მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია”, – აცხადებს კომპანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი