ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მესტიამდე ფრენა ხელმისაწვდომი ყოფილიყო

14 ივლისი, 2014 • • 945
ღარიბაშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მესტიამდე ფრენა ხელმისაწვდომი ყოფილიყო

“მოხარული ვარ, რომ დღეიდან, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ განახლდება ფრენა მესტიის მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, სვანეთის მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვისაც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, ტენდერში გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ ,,სერვისეირი“, რომელიც განახორციელებს ფრენებს მესტიის მიმართულებით. კომპანიასთან გაფორმდა გრძელვადიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, კომპანია ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს მგზავრებს.

 

მთავრობას განსაზღვრული აქვს, რომ 3 წლის განმავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით წაახალისონ ავიარეისები იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით რაც შეიძლება მეტი რეისის შესრულება. ღარიბაშვილის თქმით, მესტიამდე თვითმფრინავით მგზავრობა 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ხოლო ბილეთის ფასი 65 ლარია. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი იმისათვის, რომ სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ამ ავიარეისით სარგებლობა.მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან იოლი, რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას –  სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას ბევრი მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა. 

 

ღარიბაშვილის თქმით, ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა გაზრდის ტურისტების მოტივაციას, ეწვიონ სვანეთს. ხოლო როდესც ტურისტი ჩაფრინდება ადგილზე, მესტიის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს ტურისტის მასპინძლობაში და მიიღოს დამატებით შემოსავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი