ახალი ამბები

7 წელია მართავთ, შეგეცვალათ კანონი – ენმ და ევროპული საქართველო კალაძეს პასუხობენ

18 იანვარი, 2019 •
7 წელია მართავთ, შეგეცვალათ კანონი – ენმ და ევროპული საქართველო კალაძეს პასუხობენ

ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანებიან, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მშენებლობებთან დაკავშირებულ დერეგულაციებზე ისაუბრა და ქალაქში არსებულ პრობლემებში სწორედ ისინი დაადანაშაულა.

თბილისის ყოფილი მერისა და ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლების ინსტიქტი არის მხოლოდ გადაბრალება. მისი განცხადებით, კახა კალაძემ გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ:

“დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი მერისგან გაშვერილი ხელი, თითქოს 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე არ არის კავშირში ერთმანეთთან შენობის ექსპლუატაციაში მიღება და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა, დიახ, ეს სწორია და დიახ, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია არ არის დაკავშირებული კომუნალური სერვისების იქ შეყვანასთან და ეს სწორია. აი, აქ უნდა დაესვა ბატონ კალაძეს წერტილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მან, როგორც სჩვევია, გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და კვლავ ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ.”

გიგი უგულავას განცხადებით, თუ მაინცდამაინც ეს კანონი არ ვარგოდა, 7 წელიწადია ქართული ოცნება ხელისუფლებაში და აქამდე შეეძლოთ ამის შეცვლა.

“3 წელიწადი დავით ნარმანია მერი იყო და დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშია ასტრონომიულ ხელფასზე დანიშნული. მასაც შეეძლო, თუ მაინცდამაინც ცვლილებაა საჭირო. მაგრამ აქ ცვლილება არ არის საჭირო, აქ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საბაზისო და ერთადერთი ინსტინქტი არის, გაიშვიროს ხელი წინამორბედისკენ; გაიშვიროს ხელი ნებისმიერი ადამიანისკენ, ოღონდ კი თვითონ არ იყოს პასუხისმგებელი რამეზე. და როდესაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ის ხელისუფლება ვერასდროს მოგვიტანს ჩვენ სიკეთეს, ვერასდროს მოუტანს კახი კალაძე სიკეთეს თბილისელებს იმიტომ, რომ ერთი დღეც კი ვერ გაძლო პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური გადაბრალების გარეშე,” – აცხადებს უგულავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. ენმ-ის წევრისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით “არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება, ის უფრო ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს.”

“ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რომ მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის “ყაზტრანსგაზის” არაფორმალური მენეჯერი არის კახა კალაძე, შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას.

კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს “ქართულ ოცნებას” და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი გახლავთ. მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და ფაქტობრივად თავიდან აირიდა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. მან ხაზგასმით თქვა, რომ უსაფრთხოება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან, მასზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მას საერთოდ დაავიწყდა, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენელია და ამ პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანიც გახლავთ.​ ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს დედაქალაქის მერი, რომელმაც ორი თვის წინ ფონიჭალაში რომ ტრაგედია მოხდა, ამის შემდეგ პრევენციული ზომები არ მიიღო. ასევე, მნიშვნელოვანია კახი კალაძე დაიკითხოს, როგორც “ყაზტრანსგაზის” არაფორმალური მმართველი და მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ კომპანიაში ნაცვლად სპეციალისტების გამართული მუშაობისა, დასაქმებული ჰყავს “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომელსაც პროფესიონალიზმთან ჩავლილიც კი არ აქვს,” – აცხადებს ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნებმადე “ყაზტრანსგაზს” ბიუჯეტმა ჩამოაწერა 100 მილიონის დავალიანება, რის შემდეგაც ეს კომპანია აღმოჩნდა კახი კალაძის ხელში. ენმ-ის წევრის თქმით, ამ საკითხზეც აუცილებელია გამოძიება.

“კალაძე გაურკვეველ დროზე, 2009 წელს მიღებულ კანონპროექტზე საუბრობს და აპელირებს. აქვე მინდა შევახსენო მას – თუ რაიმე კანონი არ მოსწონს და შეუსაბამოა, ისინი 7 წელია არიან ხელისუფლებაში და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება შეეძლოთ,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კახა კალაძე ვაკის პარკის, კუს ტბისა და სასტუმრო ჰოლიდეის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებისა და სამშენებლო ნებართვების გაცემისთვის ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მსგავს მშენებლობებს არ დაუშვებს და ყველაფერს გააკეთებს თბილისის მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ზოგიერთი ოპონენტი დიდი დიღმის ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას და მერიის დისკრედიტაციას ცდილობს, ასევე, პირადად მას აკავშირებენ კორპუსის აფეთქებასთან, რის შესაძლებლობასაც არ მისცემს.

კახა კალაძის თქმით, სწორედ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა დერეგულაციები, რამაც ძალიან მძიმე შედეგი მოუტანა ქალაქს. თბილისის მერი მშენებლობასა და სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას აანონსებს.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი