ახალი ამბები

წულუკიანი შევარდნაძეზე: მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა

13 ივლისი, 2014 • • 2064
წულუკიანი შევარდნაძეზე: მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა

“მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა”- ასე ქვია პოსტს, რომელიც მოქმედმა მინისტრმა ყოფილ პრეზიდენტს მიუძღვნა. წულუკიანი შევარდნაძეს ახასიათებს ისეთ პოლიტიკოსად, რომელმაც მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა, რომ მან პირველმა დააყენა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით „აიძულა“ მაშინდელი უცხოელები, დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე.

 

“მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა. სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში როგორც ქართული”.- წერს წულუკიანი. 

 

იუსტიციის მინისტრი ასევე იხსენებს “ვარდების რევოლუციის”  პერიოდს, იგი წერს, რომ მართალია ცვლილება სურდა, მაგრამ შევარდნაძის შემცვლელად მიხეილ სააკაშვილის ხილვა არ უნდოდა. 

 

“ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ, დღეს არ გვინდა ამაზე. არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები,სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია,რომ 11 წლის შემდეგ ვარდების ხელისუფლების ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო, შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა „საგარეოშნიკი“ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ, არ მჯეროდა…”

 

ბლოგპოსტში მინისტრმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც 2014 წელს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეზე, კრწანისის რეზიდენციაშია გადარებული. ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს გარდაიცვალა, მას დღეს დაკრძალავენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი