2018 წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირისგან 110 მილიონი ლარი მიიღო. აღმიშნულთან დაკავშირებით დღეს, 17 იანვარს, მედიას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარეცლი ესაუბრა. მისი განცხადებით, თანხა დასტურია რეფორმებისა, რომლებსაც სახელმწიფო სხვადასხვა სფეროში ახორციელებს. მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა, განათლებისა და შრომის ბაზარი და სხვა.
ელჩმა იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქვეყანამ ზემოაღნიშნულ დარგებში ევროკავშირის მხარდაჭერით მიაღწია. მან თანამშრომლობის კონკრეტული შედეგებიც გამოყო.
“თანხა გასულ თვეში გადმოირიცხა იმ პროგრესისათვის, რასაც საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მიაღწია. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება სამართალია – ის ოთხ პრიორიტეტულ სფეროს შორისაა, რომლებზეც საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ. საყურადღებო ფაქტორი იყო წინასწარი პატიმრობების მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს უჩვეულოდ მაღალი იყო ევროპულ სტანდარტებთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშავეთ და პოზიტიური პროგრესიც დავინახეთ – მაჩვენებელი 13.4%-ით შემცირდა”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
კარლ ჰარეცლიმ ახსენა ვალდებულებებიც, რომლებიც საქართველოს შესასრულებელი დარჩა 2018 წელს. მათ შორისაა დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულს გამოიძიებს. საჯარო მმართველობის მიმართულებით კი, ევროკავშირი ითხოვს სამოქალაქო სამსახურის რეფორმის მეტ ეფექტურობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გარკვეული პირობების სრულად შესრულებას.
ელჩის განცხადებით, მიმდინარე წელს თანამშრომლობის პრიორიტეტები დაუკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ამ კუთხით კი, სამუშაო ადგილების შექმნას, განათლებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მმართველობის გამჭვირვალობასა და გარემოს დაცვას.