საიას ინფორმაციით, სამგორის #18 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ამომრჩეველს, ჟივლენ კვიციანს ხელში ორი საარჩევნო ბიულეტენი ეკავა. საუბნო საარჩევნო კომისიამ მას მეორე ბიულეტენის ჩვენება და მისი უბანზე დატოვება მოსთხოვა, რასაც ამომრჩევლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. ამ სიტუაციაში ამომრჩეველმა ერთი საარჩევნო ბიულეტენი კონვერტში ჩადო და საარჩევნო ყუთში მოათავსა, ხოლო მეორე ბიულეტენი დაჭმუჭნა და სწრაფი ნაბიჯით კარისკენ გაემართა. ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შეაჩერეს და ბიულეტენის უბნიდან გატანის შესაძლებლობა არ მისცეს. მან დაჭმუჭნული ბიულეტენი დაბლა დააგდო და უბანი დატოვა. აღნიშნული ბიულეტენი ამავე უბნის რეგისტრატორის მიერ იყო გაცემული.  მოგვიანებით საარჩევნო კომისიამ აღნიშნული რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა შეადარა, რაც ერთმანეთს დაემთხვა.

 

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა საარჩევნო ყუთში მოთავსებული ბიულეტენი შემოტანილი იყო სხვა უბნიდან და სანაცვლოდ ამომრჩეველი სავარაუდოდ აპირებდა N18 უბნის ბიულეტენის გარეთ გატანას”.

 

საიას დამკვირვებლებმა მთელ რიგ უბნებზე საარჩევნო სუბიექტების მიერ  მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების ფაქტები დააფიქსირეს. მაგალითად, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საბურთალოს #16, #64, #56, #68-ე და გლდანის #107-ე უბნებზე. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც, საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები უბნებზე დამკვირვებელთა ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფდნენ. მაგალითაც, სამარშრუტო ტაქსებით ამომრჩეველთა მობილიზება შეინიშნებოდა საბურთალოს #68-ე, ასევე,  გლდანის #107-ე უბნებზე. კოორდინატორების მობილიზება შეინიშნებოდა რუსთვის #34 საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც ხდებოდა უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა.

 

საიას ინფორმაციით, რუსთავის #79 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კლუბი თავისუფალი ზონის“ ორ წარმომადგენელს საარჩევნო უბნის გარეთ მყოფმა დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერით გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. საიას ოლქის დამკვირვებლის უბანზე მისვლისას ინციდენტი ამოწურული იყო, თუმცა საიას დამკვირვებელთან საუბარში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დაადასტურეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მათი განცხადებით, ვინაიდან ინციდენტში მონაწილე პირებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშანი (მოწმობა), კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს ინციდენტში კონკრეტულ პირთა იდენტიფიცირება.  

 

2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში აკვირდება. სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 23 საარჩევნო ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *