ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმისთვის გამოცხადებული უნდობლობა – რა მოხდება ახლა

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ ბრექსიტის შეთანხმების პროექტის ჩაგდებით პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. პრემიერ ტერეზა მეის მთავრობა მას შემდეგ დადგა უნდობლობის გამოცხადების საფრთხის ქვეშ, რაც გუშინ, 15 იანვარს, მის მიერ ევროკავშირიდან გამოსვლის შეთანხმებას პარლამენტმა დიდი უმრავლესობით (202 მომხრე, 432 წინააღმდეგი) მხარი არ დაუჭირა. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ ერთი კვირის შემდეგ თემთა პალატას ალტერნატიული გეგმით დაუბრუნდება.

BBC წერს, რომ პროექტის ჩაგდებას, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება, ხოლო მომდევნო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს, შეთანხების ჩაგდებით, პარლამენტის წევრებს საფუძველი გაუჩნდათ, მთავრობის ნდობის საკითხი დააყენონ. კანონის მიხედვით, პარლამენტმა მთავრობას მხარდაჭერაზე უარი უნდა უთხრას. ამის შემდეგ, 14 დღის განმავლობაში მოქმედმა მთავრობამ ან სხვა შემადგენლობამ პარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. თუ მთავრობამ ვერც ამ შემთხვევაში მიიღო საკანონმდებლო ორგანოს ნდობა, ქეყანაში ახალი არჩევნები ინიშნება.

თუმცა, სანამ ეს მოხდება, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, თემთა პალატას ევროკავშირიდან გამოსვლის ახალი პროექტი შესთავაზოს. კიდევ ერთი ალტერნატივა მოლაპარაკებების ხელმეორედ წარმოებაა, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება. ამისთვის ბრიტანეთმა ევროკავშირს უნდა მიმართოს ბრექსიტის დროებით შეჩრების თხოვნით. ამ პროცედურისთვის საჭიროა, ბრიუსელმა ბრიტანეთს გაუხანგრძლივოს ბრექსიტის პროცესის ვადა. შემდეგ კი მთავრობა გამოიყენებს საკანონმდებლო ინსტრუმენტს და შეცვლის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღს. ამ ცვლილებას ბრიტანეთის პარლამენტი ამტკიცებს. ამჟამინდელი მონაცემებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი 2019 წლის 29 მარტია.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის (ლეიბორისტული პარტია) წევრთა ნაწილის თქმით, შეთანხმების პროექტის ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან ენდრიუ ადონისი ამბობს, რომ ახალი რეფერენდუმის ჩატარებით მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ კრიზისს მოაგვარებენ. 

ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერის, ჯერემი კორბინის თქმით, ბრექსიტის პროცესის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავს ევროკავშირთან სავაჭრო კავშირის შესაქმნელად, რომელიც არსებული პარტნიორობის მსგავსი იქნება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნება. ის ასევე მხარს უჭერს “საერთო ბაზარზე” დარჩენის იდეას, როგორც ეს ევროკავშირის მომხრე პარლამენტის წევრებს სურთ. ლეიბორისტები ასევე მხარს უჭერენ მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების საკითხს. პარტიის კიდევ ერთი წევრი ემილი თონბერი, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მდივანია, ამბობს, რომ “ლისაბონის შეთანხმების” 50-ე მუხლის საფუძველზე ბრექსიტის დარულების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

საერთო ბაზარი ევროკავშირის მთავარ მიღწევად მიიჩნევა. ამ რეჟიმის პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველგვარი ტარიფების გარეშე ვაჭრობენ ერთმანეთთან. საერთო ბაზრის შექმნის პროცესი 1992 წელს დასრულდა. ეს რეჟიმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, თავისუფლად გაცვალონ საქონელი, მომსახურეობა. ამასთან, წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან კავშირის წევრი ქვეყნების საზღვარზე.

რას გულისხმობდა ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება

ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება 500-ზე მეტი გვერდისგან შედგება. დოკუმენტი ბრიტანეთის მიერ გაერთიანების დატოვების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმებაში ევროკავშირიდან გასვლის თარიღად 2019 წლის 29 მარტია დასახელებული, თუმცა გარდამავალი პერიოდი, რასაც ბრიტანეთის მთავრობა იმპლემენტაციის პერიოდს უწოდებს, 2020 წლამდე გაგრძელდება. შეთანხმების პროეტის თანახმად, გარდამავალი პერიოდი, შესაძლოა, ორი წლით კიდევ გაგრძელდეს. BBC წერს, რომ იმპლემენტაციის პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის იქნება, რადგან მათ ახალ რეგულაციებსა და წესებთან შეგუება მოუწევთ. გარდამავალი პერიოდის გაგრძელებასთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოს მოუწევს ევროკავშირის ბიუჯეტში დამატებითი თანხის გადახდა. პროექტის მიხედვით, 2018 წელს ბრიტანეთის შენატანი ევროგაერთიანების ბიუჯეტში დაახლოებით 10 მილიარდი ფუნტი იქნება. ბრექსიტის პროექტის დასრულებამდე დიდ ბრიტანეთის ბრიუსელისთვის, ჯამში, სავარაუდოდ, 39 მილიარდ ფუნტამდე გადახდა მოუწევს. სწორედ ფინანსური საკითხი გახდა უთანხომოების ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, ბრექსიტის მომხრეთა შორის. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის მომხრეები ვერ ეგუებიან ფაქტს, რომ ბრიუსელის მხრიდან ბუნდოვანი სავაჭრო გარანტიების ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს ამხელა თანხა უნდა გადაუხადოს.

შეთანხმების პროექტის თანახმად, ბრექსიტის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრობენ, რეზიდენტის სტატუსს შეინარჩუნებენ. თუ ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყანაში რეზიდენტის სტატუსს გარდამავალ პერიოდში მიიღებენ, პროექტის თანახმად, ქვეყანაში დარჩენას პროცესის დასრულების შემდეგაც შეძლებენ. ხოლო მათ, ვისაც ევროკავშირის ქვეყანაში 5 წელზე მეტი ხნით მოუნდებათ დარჩენა, მუდმივი ბინადრობის მოთხოვნის შეძლებლობა ექნებათ. BBC-ის ინფორმაციით, ბინადრობის გარანტიებისგან განსხვავებით, პროექტის მიხედვით, ბუნდოვანია, კვლავ შეძლებენ თუ არა ბრიტანეთის მოქალაქეები სამუშაოდ საზღვრების გადაკვეთას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რადგან ბინადრობის უფლებაზე განაცხადს ისინი მხოლოდ იმ ქვეყანაში გააკეთებენ, სადაც ცხოვრობენ.

2016 წლის ივნისში ჩატარებულ რეფერენდუმში დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 71.8%-მა, რაც დაახლოებით 30 მლნ ადამიანია. გაერთიანების დატოვებას მხარი დაუჭირა მოქალაქეთა 51.9%-მა, წინააღმდეგი 48.1% იყო. ევროკავშირის დატოვებას მხარი ინგლისსა და უელსში დაუჭირეს. შოტლანდია და ჩრდილოერთ ირლანდია კი დარჩენის მომხრე იყო.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა “ლისაბონის შეთანხმების” 50-ე მუხლის საფუძველზე ხდება, სწორედ ეს მუხლი აწესრიგებს გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების დატოვების საკითხს. 2009 წლამდე, სანამ ლისაბონის შეთანხმება კანონად გამოცხადდებოდა, ქვეყნებისთვის ევროკავშირის დატოვების ფორმალური მექანიზმები არ არსებობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.