ახალი ამბები

მერია “ვარკეთილის” მეტროსადგურის პროექტს ხელახლა შეადგენს

16 იანვარი, 2019 • 1775
მერია “ვარკეთილის” მეტროსადგურის პროექტს ხელახლა შეადგენს

თბილისის მერია ხელახლა შეადგენს გასულ წელს ჩამონგრეული მეტროსადგურ “ვარკეთილის” საპროექტო დოკუმენტებს. ამის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძემ დღეს, 16 იანვარს გამართულ სხდომაზე გაავრცელა.

“რაც შეეხება მეტროსადგურ “ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება.

მოგვცეს მითითება, რომ პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, ანუ პროექტი იყო არასწორად შედგენილი და, ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ “ვარკეთილის” ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა “ვარკეთილის” მეტროსადგურისა, კალაძე სხვა სადგურებსაც შეეხო. მისი თქმით, პროექტირების  ეტაპზე გადადის მეტროსადგურ “გურამიშვილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, წარმოდგენილი პროექტი დაწუნებული იყო. მისი განხორციელება თავიდან მოხდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ დაიწყება,” – ამბობს კალაძე.

როგორც კალაძე განმარტავს, პროექტირების ტენდერისთვის მომზადდა და უახლოეს მომავალში გამოცხადება ტენდერი მეტროსადგურ “ისნის”, “თავისუფლების მოედნის”, “რუსთაველის”, “მარჯანიშვილის მოედნისა” და “წერეთლის” საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე.

რაც შეეხება მეტროსადგურ “გოცირიძეს”, მისი ტენდერი უარყოფითად დასრულდა, თუმცა მერია მას მეორედ გამოაცხადებს.

“მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური უკვე განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას; გამოცხადებულია ტენდერი “სადგურის მოედნის” სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც,” – დასძენს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი