დაახლოებით 13:00 საათზე სასულიერო პირმა პარაკლისი გადაიხადა. ადგილზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, შევარდნაძის ოჯახის წევრები და ახლობლები.
სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში დღეს, 11 ივლისს და ხვალ, 12 ივლისს 18:00 საათიდან გაიმართება.
13 ივლისს, 14.00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება სამგლოვიარო ცერემონია, 15.00 საათზე ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამებიდან გამოასვენებენ და კრწანისის რეზიდენციაში გადაასვენებენ, სადაც მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. კრწანისის რეზიდენციაში გახსნილია სამძიმრის წიგნი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 12 საათზე გარდაიცვალა.
ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა. იგი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს, ორი ვადით, 1995 წლიდან 2002 წლამდე იკავებდა.
დემონსტრაციების შედეგად, 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოხდა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

