ახალი ამბები

უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლის საკითხს მე გადავწყვეტ – ბესელია

14 იანვარი, 2019 • 1120
უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლის საკითხს მე გადავწყვეტ – ბესელია

უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლის საკითხს მე გადავწყვეტ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ის უმრავლესობაში რჩება, მაგრამ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეთა სიას, თუნდაც სახეშეცვლილს, მაგრამ იმავე ვერსიით, მხარს დაუჭერს, ასეთ უმრავლესობაში თავის ადგილს ვეღარ ხედავს.

ბესელია ადასტურებს თავის პატივისცემას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისადმი, მაგრამ ამბობს, რომ თუ მისთვის პრინციპულ საკითხებზე განსახვავებული პოზიცია ექნება, “ვერავის წყენას ვერ მოერიდება”.
ბესელია არ მიიჩნევს, რომ ბიძნა ივანიშვილი მისი მოწინააღმდეგეა.

“მე არ მგონია ასე. მე მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა და ერთი განცხადებით ნუ შევაფასებთ ამ პროცესს. დაველოდოთ პროცესების განვითარებას. მხოლოდ მე თვითონ შემიძლია ყვითელი ან წითელი ბარათი ვუჩვენო საკუთარ თავს და ვეცდები, ეს არ გავაკეთო”, – განაცხადა ბესელიამ.


ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა. ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების გამო ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა, რომ რეალურად, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი და მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება.

ბესელია წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი