გუნდში გვექნება მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს — კალაძე ბესელიას გარიცხვაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვაზე.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა.

ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.

“თუ რაღაც უთანხმოება, გაურკვევლობა არის კონკრეტულ საკითხებზე, შეიძლება ეს ნორმალურიცაა, როდესაც უმრავლესობის ამხელა შემადგენლობაა, ყველა საკითხზე შეუძლებელია ერთიანი ხედვა, ერთიანი მიდგომა. თუმცა, ვისურვებდი, სანამ გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა და გუნდში მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე”, – თქვა კახა კალაძემ 12 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას.


ბესელიას გადაწყვეტილებას 10 იანვარს გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ “გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com