როგორც ნეტგაზეთს გადაცემის პროდუსერმა თემო მჟავიამ განუცხადა, ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს გადაცემა სექსისტური და დისკრიმინაციული იყო:
“ჩვენი მოფიქრებულია ეს ყველაფერი. გავიგე, რომ ჯგუფი “ბანის” ბიჭებს ერჩიან… ის ბიჭები არაფერ შუაში არიან, რადგან ეს ჩვენ მოვიფიქრეთ. არავის მიმართ დისკრიმინაციაზე არ გვიფიქრია და არც არის…”.

კითხვას, რატომ გადაწყვიტეს ქალის სხეულის ამ ფორმით გამოყენება, მჟავია ასე პასუხობს:
“ქალის სხეული ძალიან ლამაზია და მაგიტომ გამოვაჩინეთ. რაც შეეხება ინსტრუმენტის თემას, არც იმას ვფიქრობთ, რომ ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში დისკრიმინაციაა… არ ვიცი, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ აქ ისეთს”.
კითხვას, რატომ შეარჩიეს ქალი და არა კაცი ამ როლში, იგი დაახლოებით იმავე პასუხს სცემს:
“ქალის სხეული უფრო ესთეტიურია და მაგიტომ. ლამაზია და სილამაზე გამოვაჩინეთ”.
ამავე კითხვაზე თითქმის ანალოგიური პასუხი აქვს კოტე თოლორაიასაც, გადაცემის წამყვანს.
“ჩემი აზრით, უფრო არაესთეტიური იქნება, როცა მამაკაცი უკრავს მამაკაცის… ქალი რომ გვყოლოდა სტუმრად, შესაძლებელია უფრო ადვილად კაცები ყოფილიყვნენ იმ გოგოების ადგილას. ეს განხილვაში კი არ ყოფილა, მაგრამ არ ვიცი, ეტყობა, სიტუაციამ მოიტანა”, – ამბობს თოლორაია.
რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს არაესთეტიკურში, იგი განმარტავს: “კაცი რომ ტრაკს გამოაჩენს, მე მაპატიეთ”. კითხვას, თუ კაცის სხეულის მსგავსი ფორმით გამოყენებას მიიჩნევს არაესთეტიკურად, რატომ მსჯელობს განსხვავებულად ქალის სხეულთან დაკავშირებით, ასე პასუხობს: “მე ვამბობ, რომ მეტნაკლებად [არაესთეტიკურია]”.
არც მჟავია და არც თოლორაია არ ფიქრობენ, რომ ამ გადაცემამ, რომლის ტირაჟირებაც უკვე მოხდა, იმ სექსისტური სტერეოტიპის გაძლიერებას შეუწყო ხელი, რომლის მიხედვითაც “ქალი მეორეხარისხოვანია და მისი გამოყენება გასართობი მიზნებისთვის შეიძლება”.
“თუ ძალადობის ფაქტებია, ვიღაცამ ვიღაცას ძალით გახადა და ურტყა, მერე ამაზე იცინეს და იხარხარეს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ როცა მსახიობია – ეს სხვა ამბავია. სერიალისთვის ხომ გიყურებიათ, ქართულ სერიალებშიც მივიდნენ უკვე იქამდე, რომ სექსია, ვიღაცამ რაღაც გამოაჩინა… აღარ აქვს ამაზე ხალხს რეაქცია, ერთ-ერთ შოუში რომ სტრიპტიზიორი გოგოები გამოდიან, იმას რატომ არ მოყვა გამოხმაურება? იმის პროფესია ეს არის, ამის პროფესია ეს არის, რომ იყოს მსახიობი”.
“ძალით არავინ მოგვიყვანია. ყველა თავის ნებით მოვიდა და ყველა კმაყოფილი წავიდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ლამაზია და არა იმიტომ, რომ დავამციროთ და ასე შემდეგ. არ ვთვლით, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადოთ”, – ამბობს თემო მჟავია და დასძენს, რომ მსახიობმა გოგონებმა ანაზღაურება აიღეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოუვიდათ გადაცემის ავტორებს თავში მსგავსი სცენის დადგმა, კოტე თოლორაია ამბობს:
“ეს იყო ერთ-ერთი იუმორისტული ნომერი. ასეთი პრეისტორია ჰქონდა ამას, რომ ჩვენ შევეკითხეთ “ბანის” ერთ-ერთ წევრს, რა ინსტრუმენტებზე გაქვს დაკრული და მან თქვა ლოყებიო, ლოყებზე ვუკრავო და აქედან წამოვიდა, რომ, აბა, თუ გაგიძლებს გული, მოსინჯე საჯდომზეო… ესენი ჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ და ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა… ჩვენი მხრიდან დისკრიმინაციული მომენტი არ ყოფილა, ჩვენ მხოლოდ გვინდოდა, რომ გადაცემა სახალისო ყოფილიყო და განსხვავებული”.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა “ჯი-დი-ესის” პროდუსერ თემურ გოგოლაძეს და ჰკითხა, ხომ არ აპირებს კომპანია ამ საკითხზე მსჯელობას და საზოგადოებისთვის განმარტების გაკეთებას:
“რა განმარტება უნდა გავაკეთო? ეს იყო მორიგი სატელევიზიო გადაცემა. ახლა ვფიქრობ რა პასუხი უნდა გაგცეთ… არ გაგცემთ პასუხს. არ მაქვს კომენტარი. ეს არის ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუ, მორიგი გადაცემა. აქ მე პირადად, თემო გოგოლაძე ვერაფერ დისკრიმინაციულს ვერ ვხედავ. კომპანიის სახლით მე ვერ ვილაპარაკებ… ვერც გადაცემის ავტორების სახელით ვილაპარაკებ”.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ტელეკომპანიის სახელით ილაპარაკოს, გოგოლაძის თქმით, ამჟამად ამას ვერავინ შეძლებს. პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ თუ “ჯი-დი-ესი” რაიმე განცხადების გაკეთებას დააპირებს, მას მედიისთვისაც გამოაქვეყნებს.
ზემოხსენებული გადაცემა, სადაც ჯგუფი “ბანის” წევრი ქალის სხეულს დაკვრის მიზნით ინსტრუმენტად იყენებს, ეთერში გუშინ, 9 ივლისს გავიდა. იურისტი თამარ გურჩიანი მიიჩნევს, რომ გადაცემით მაუწყებელთა ქცევის კოდექსში მოცემული ეთიკური სტანდარტები დაირღვა:
“ჯი-დი-ესის მოტივაცია ალბათ, ის არის, რომ ნეგატიური ყურადღებაც რომ ჰქონდეთ საზოგადგოებისგან, მათთვის მაინც კარგია, პოპულარობისთვის, მაგრამ ისევე ცდებიან ისინი, როგორც თავის დროზე “იმედი” ცდებოდა, როცა იფიქრა, რომ “ქალური ლოგიკა”, ყოვლად იაფფასიანი გადაცემა, პოპულარობას მოუტანდა. “იმედმა” თვითონვე გააკეთა კვლევა და აღმოჩნდა, რომ თავისივე მაყურებელმა შეაქცია ზურგი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ცდილობდნენ ქართული მედიასაშუალებები, რომ ჩამორჩენილი, შუასაუკუნოებრივი სტერეოტიპები და იდეები გაავრცელონ, ჩვენ ინფორმაციის სხვა წყაროც გვაქვს. მხოლოდ ტელევიზიაზე არ არის ხალხი დამოკიდებული და ვერ შეძლებენ პოპულარობის მოხვეჭას. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა აუცილებლად მიიღებს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ აღშფოთებას საზოგადოების ყველა ფენისგან, იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა, რაციონალურ ახსნას და განსჯას არ ექვემდებარება. ეს არის პირდაპირ ველურობა, სრულიად აღმაშფოთებელი, რის გამოც ძალიან უნდა სრცხვენოდეს ახლა არხის ხელმძღვანელობას და უკვე უნდა იჯდეს და ბოდიშებს იხდიდეს. სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს ტელევიზიამ. ეს არ დარჩება პასუხის გარეშე საზოგადოების მხრიდან. მე არ მახსენდება ასეთი ამაზრზენი და ველური საქციელი, რომელიმე მედიასაშუალების მხრიდან, თუნდაც გასართობ შოუებში”, – ამბობს გურჩიანი.
