ახალი ამბები

შემუშავდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი იქნება განახლებული სია — კობახიძე

12 იანვარი, 2019 • 1280
შემუშავდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი იქნება განახლებული სია — კობახიძე

12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია “არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდება, შემდეგ კი მოსამართლეების განახლებულ სიას წარმოადგენენ.

პროცედურებისა და კრიტერიუმების შესამუშავებლად შეიქმნება სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კობახიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ამ ჯგუფში ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები ირიცხებიან.

კობახიძემ განმარტა, რომ “იურიდულად შეუძლებელია კანდიდატთა სიის გაწვევა”, რის გამოც, შესაძლოა, მოსამართლეთა სია ფორმალურად ჩააგდონ:

“რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ”, – განაცხადა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში”, — დასძინა მან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ წარდგინილი ყველა კანდიდატი “მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს”.

“შევთანხმდით, რომ უახლოს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ”, – თქვა მიქაუტაძემ.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის მიწურულს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარდგეილი კანდიდატების შესახებ უარყოფითად შეაფასეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა — ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე,  არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს მოუწოდა, შეეჩერებინათ უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი, რის შემდეგაც პარლამენტმა ეს პროცესი საგაზაფხულო სესიამდე გადადო.

“სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე, შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს”, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველი.

სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებსა და როლზე, ასევე სისტემის რეფორმის ხარვეზებზე, ნახეთ სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი