ახალი ამბები

შესაძლოა, რუსეთში BBC აკრძალონ

10 იანვარი, 2019 • 2166
შესაძლოა, რუსეთში BBC აკრძალონ

უახლოეს მომავალში, შესაძლოა, რუსეთში ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი  (BBC) აკრძალონ. სამართლებრივი პროცესი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის ასაკრძალად უკვე დაიწყო კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ “როსკომნადზორმა”.

როგორც BBC იტყობინება, “როსკომნადზორი” ტელეარხს “ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიის” გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია ტერორისტული ორგანზიაცია ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუბაქრ ალ-ბაღდადის ციტატაზე, რომელიც ახალ ამბებშია გამოყენებული.

როგორც რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება RIA წერს, რუსეთში აკრძალულია ტერორისტული ორგანიზაციები და მათი იდეოლოგიის გავრცელება.

“როსკომნადზორმა” BBC-ის მოსთხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენა იმის დასადასტურებლად, რომ მისი საქმიანობა შეესაბამება რუსულ კანონმდებლობას. რუსული მარეგულირებელი ამის დადგენას დამოუკიდებლადაც შეეცდება – ის 14-დან 31 დეკემბრამდე დააკვირდება ბრიტანული მაუწყებლის მუშაობას.

BBC-ის განცხადებით, რუსეთის მარეგულირებლის ქმედებებს წინ უძღოდა ბრიტანული მარეგულირებლის მიერ 2018 წლის დეკემბერში რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხ RT-ის (Russia Today) კრიტიკა. კერძოდ, როდესაც ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალების “ნოვიჩოკით” მოწამვლაში ბრიტანული გამოძიება რუსულ კვალს ეძებდა, RT მოვლენებს დამახინჯებით აშუქებდა.

“BBC-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მომწიფდა” – ასე შეაფასა “როსკომნადზორის” ქმედება  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი კომენტარი RIA-მ გაავრცელა.

BBC როგორც ამბობს, მისი საქმიანობა შეესაბამება ყველა ქვეყნის კანონმდებლობას.

“ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას” რუსეთში ხშირად იყენებენ სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის თავისუფლების შესაზღუდად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი