“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები მოვიგეთ”, – ასე უპასუხა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებას და კრიტიკას მისი თანამოაზრე ეკა ბესელიას მიმართ.
გედევან ფოფხაძის თქმით, ამაჟამად “ქართულ ოცნებაში” არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც ლოიალურად ეკიდებიან იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას და არიან სიის პრინციპული მოწინააღმდეგეებიც.
“ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომლებიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულოდბნენ ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდნენ საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი. მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები ჩვენ არასდროს შეგვიცვლია და იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერი მოსამართლეების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები”, – აცხადებს ფოფხაძე და ივანიშვილს მოწოდებით მიმართავს:
“მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და სხვებსაც, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც 2012 წლის 1 ოქტომბერს [არჩევნები] მოვიგეთ, ვისთანაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყველაფერი, რა ხდებოდა, რატომ იდგა ხალხი ჩვენს გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. საზოგადოების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობა იყო. დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტორები იყვნენ კანონის დარღვევის, დღეს ციხეებში არ სხედან, თუმცა, მე მგონია, რომ ბევრი უნდა იჯდეს, მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, უნდა იხდიდნენ სასჯელეს იმისათვის, რომ სისტემური დანაშაულის მონაწილეები იყვნენ”, – აცხადებს ფოფხაძე.
ამავე თემაზე
ბესელია წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ – ივანიშვილი