ზურაბ ჯაფარიძე ამიერიდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იქნება

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერის ოფიციალური სახელი ამიერიდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იქნება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღეს, 9 იანვარს ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

ჯაფარიძე 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. თავდაპირველად მას უარს ეუბნებოდნენ არჩევნებში პარტიის სახელით დარეგისტრირებაზე. იმისთვის, რომ საარჩევნო ბიულეტენში ჩაწერილი ყოფილიყო პარტია “გირჩის” სახელი, ზურაბ ჯაფარიძემ სახელის შეცვლის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა. თუმცა მოგვიანებით მას უფლება მისცეს, არჩევნებზე პარტიის სახელით დარეგისტრირებულიყო. 2019 წლის იანვარში კი აღმოაჩინა, რომ მას სახელი 2018 წლის 8 ოქტომბრიდან აქვს შეცვლილი.

“მითხრეს, რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში “გირჩის” ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ. არავინ შემომხმიანებია. 8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი, რომ დასრულდა პროცედურა. რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე რომ განცხადება გააუქმეს”, – წერს ჯაფარიძე, რომელმაც საჯარო რეესტრს სხვა საქმეზე დღეს, 9 იანვარს მიმართა.

“მომთხოვეს ჩემი პირადობა. მივაწოდე. გაუქმებულიაო. სახელი გაქვთ შეცვლილიო და გამიხვრიტეს. როგორც გავარკვიე, 8 ოქტომბრის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე’ ვარ. ეს ოკ, მაგრამ 28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? ვის მისცა ხმა 36 000-მა ადამიანმა? იქნებ დაიბნა ხალხი, ზურაბ გირჩის ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა და ჯაფარიძემ 36 ათასამდე ხმა მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.