ახალი ამბები

“ქართული ოცნება” კაჭრეთში სამუშაო შეხვედრას მართავს

8 იანვარი, 2019 • 1086
“ქართული ოცნება” კაჭრეთში სამუშაო შეხვედრას მართავს

კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში”, მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც “ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

“შეხვედრის ფარგლებში უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში განუცხადეს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება. სამუშაო შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობენ.

შეხვედრაში არ მონაწილეობს დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სია დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი