ახალი ამბები

უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო

6 იანვარი, 2019 • 3599
უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო

უკრაინის ახლადდაფუძნებული, ერთიანი ეკლესიის მეთაურმა, ეპიფანემ, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისაგან ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო. ცერემონია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმართება.

ავტოკეფალიის ტომოსის(სიგელის) გადაცემა დასკვნითი ეტაპია ისტორიული პროცესისა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და კონსტანტინოპოლის მხრიდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობას გულისხმოდა.

7 იანვარს, როცა უკრაინის მართლმადიდებელთა უმეტესობა შობას აღნიშნავს, ტომოსი – პერგამენტზე დატანილი დოკუმენტი კიევში, წმინდა სოფიას კათედრალში განთავსდება და მისი ხილვა ნებისმიერ მსურველს, ყოველდღე შეეძლება.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი გუშინ, 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია დღევანდელის მსგავსად, სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გასული წლის 15 დეკემბერს ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლიც –  ის პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანეა. სასულიერო პირი 39 წლის არის.

ამ დრომდე, უკრაინაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებდა:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებდა და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობდა.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარებოდა და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა ოქტომბერში დაიწყო.

კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებით, კიევის პატრიარქმა ფილარეტმა კანონიკური სტატუსი დაიბრუნა. ასევე გაუქმდა 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი