ახალი ამბები

პეტრიაშვილი დიმიტროვს პასუხობს: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სიურპრიზები არ იქნება

8 ივლისი, 2014 • • 986
პეტრიაშვილი დიმიტროვს პასუხობს: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სიურპრიზები არ იქნება

პეტრიაშვილის მტკიცებით, საქართველოს მთავრობას ბრიუსელთან და უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მან დიმიტროვის კომენტარს აზრთა ურთიერთგაცვლა უწოდა:

 

“გარწმუნებთ, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები არ იქნება, ასევე გარწმუნებთ, რომ ძალიან მჭიდრო, კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ბრიუსელთან, ევროკავშირის დელეგაციასთან და მის ხელმძღვანელთან საქართველოში. ასეთი ტიპის აზრთა ურთიერთგაცვლა მხოლოდ და მხოლოდ საერთო საქმეს არგებს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.


ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, თუ ხელისუფლება ევროკავშირის განცხადებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, მან შესაძლოა თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს. 


“მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი “ფეისბუქზე” სვამდა კითხვას, ხომ არ შეუჩერებენ საფრანგეთს ევროკავშირის წევრობას პრეზიდენტ სარკოზის საქმის გამო. მე ვაფასებ მის შეშფოთებას. მინდა მტკიცედ დავარწმუნო, რომ საფრანგეთს ევროკაშირის წევრობას არ შეუჩერებენ. მაგრამ ასეთივე სიმტკიცით ვერ დავარწმუნებ, რომ ახლა, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, გარანტირებულად უნდა ჩაითვალოს“, – განუცხადა დიმიტროვმა „პირველს“ ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტებზე კომენტირებისას.


ნეტგაზეთის შეკითხვას, იყო თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლის ეს კომენტარი მისთვის არასასიამოვნო, პეტრიაშვილმა ასე უპასუხა:

 

“ჩვენ მუმდივიმად ვმსჯელობთ სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს მრავალმხრივი, ორმხრივი, ინდივიდუალური თუ განცხადებების ფორმით, რაც ყოველთვის ხსნის ყველა კითხვას და რაც ყველაზე მთავარია, მე მგონი. საზოგადოებისთვის ეს საინტერესო საგანია, მსჯელობის საგანია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, სოციალური ქსელებით და განცხადებებით ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცდება, მყარდება და გარწმუნებთ, რომ საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებას არავითარი სიურპრიზები არ მოყვება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგებზე დაყრდნობით, რაც იქნება პოზიტიური და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა”, – განაცხადა პეტრიაშვილმა დღეს, 8 ივლისს ილიას უნივერსიტეტში ასოცირების ხელშეკრულების თემაზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე.


ზემოხსენებულ კონფერენციას ფილიპ დიმიტროვიც ესწრება, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.


ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი