როგორც მამუკა ყუფარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი კანდიდატურა განიხილება და საბოლოო პასუხს საღამოს მიიღებს. მისი ვარაუდით პასუხი დადებითი იქნება:

 

“ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა და საბოლოო პასუხი არ ვიცი. დებატების გამართვას ხვალ გეგმავენ. რამდენადაც ვიცი, წინააღმდეგი არ არის არც ერთი მხარე, რომ მე ვიყო დებატების მოდერატორი, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიმიღია. უარიც არ მიმიღია, უფრო დადებითია პასუხი, დაზუსტებით დღეს საღამოს, 18:00 საათზე გავიგებ”, – აცხადებს მამუკა ყუფარაძე.

 

შეგახსენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დებატებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, დებატებში მონაწილეობას თავს არიდებს “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ნარმანია:

 

“სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვაქვს სიტუაცია, როდესაც დემოკრატიული განვითარების ისეთი ელემენტარული მონაპოვარიც კი, როგორიც არის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დებატები, კოალიცია ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია. იმის გამო, რომ თბილისის მერის პოსტზე კოალიციის კანდიდატს, ბატონ ნარმანიას, ძალიან უსუსური გამოსვლები ჰქონდა არჩევნების პირველი ტურის წინ, ცხადია, მას აღარ სურს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან, ნიკოლოზ მელიასთან პირისპირ შეხვედრა. ბატონი ნარმანია არ გამოცხადდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნიკა მელიასთან დებატები უნდა შემდგარიყო. სავარუდოდ, ის ასევე თავს აარიდებს დებატებს ტელეკომპანიებზე- “რუსთავი 2”, “იმედი”, “მაესტრო”. ეს ეთერები დაგეგმილია ხუთშაბათსა და პარასკევს. დებატებში მონაწილეობის ნაცვლად კოალიცია და მისი კანდიდატები გარკვეულ პირობებს აყენებენ, რომ დებატები არ შედგეს. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, მონაწილეობს იმ მოლაპარაკებებში, რომელიც დებატების გამართვასთან დაკავშირებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შუამავლობით მიმდინარეობს და ვაცხადებთ მზაობას დებატები შედგეს ოთხშაბათს, 9 ივლისს, ყველა საერთაშორისო მაუწყებლის მიერ ეთერში პირდაპირი ტრანსლაციით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

მამუკა ყუფარაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
მამუკა ყუფარაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *