იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ანრი ოხანაშვილია – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მათ შორის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.

“ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი არ შეიძლება, ვინადან გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მდინარაძემ დღეს, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ.

მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს საშუალება, პირველი მოადგილის კანდიდატურა დაასახელოს. გედევან ფოფხაძის კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე, მდინარაძის თქმით, უმრავლესობასთან შეუთანხმებელი იყო და ეს გახდა მისი კომიტეტიდან გაწვევის მთავარი მიზეზი.

“ეს არ იყო გარიცხვა. ეს იყო გამოწვევა ფრაქციის მიერ. ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი გუნდში არ იყო  შეთანხმებული.  ამ შემთხვევაში, შეიძლება, მეორეხარისხოვანიც კი არის, რომ პროცედურული დარღვევით მოხდა მისი არჩევა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ წევრთა უმრავლესობით მიიღო. სამი იყო მხოლოდ წინააღმდეგი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების [ბესელიას მიერ კომიტეტის დატოვება, ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩევა]  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირება “არ არის სწორი, ნამდვილი და მართალი ამბავი”.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს განაცხადა და ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ განწესების პროცესს დაუკავშირა.

“ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.