უგულავას დაცვის მხარეს სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული, რომლის მიხედვით, თბილისის ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

გიგი უგულავას ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ:

 

“სასამართლომ მიუთითა, რომ თითქოსდა არ არის საფუძვლები გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საჩივარში ვუთითებდით რიგ ისეთ გარემოებებს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ობიექტურად არც კი გამოკვლეულა. სულ მინიმუმ ამის გამო მაინც უნდა ჩაენიშნა სხდომა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა”, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავაც:

 

“სააპელაციო სასამართლომ ყველანაირი განხილვის გარეშე ციხეში დამტოვა. შესაშური სამართალია. თან ის მოსამართლე, ვინც ჩემი უფლებამოსილების შეჩერება, ასევე განხილვის გარეშე დაადასტურა და ვინც ,ამის გამო, საკონსტიტუციომ გაამტყუნა! ციხე და კატორღა რო აჩერებდეს პოლიტიკურ პროცესებს.. ეჰ, ისტორიის წიგნები მაინც გადაგეკითხათ  კარგით – ახლა ბევრი დრო მაქვს და თქვენ წასაკითხსაც მე წავიკითხავ! მადლობა ბატონ ბიძინას”, – ეს განცხადება უგულავამ ადვოკატებს წერილობით გადასცა.

 

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაცვის მხარის საჩივარში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრალდებულს სხვა საქმეზე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ზოგიერთ საქმეზე სასამართლომ მას არ შეუფარდა არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს უპირობოდ, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საფუძველი. საქმის მასალებში წარმოდგენილ, აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით გიორგი უგულავას მიმართ დღემდე გამოტანილ სასამართლოს განჩინებებში, მითითებული იყო მოცემული საქმისგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ საქმეებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს და რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში შესაფასებლად ინდივიდუალურია.

 

გიგი უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე და მარნეულში არჩევნების გაყალბების ეპიზოდზე. თბილისის ყოფილი მერი 3 ივლისს დააკავეს.

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *