როგორც მინისტრმა 8 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან იგი საზოგადოებას ახალ ელჩს, რევაზ გაჩეჩილაძეს წარუდგენს:


“მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. დღეს თქვენ წარმოგიდგინეთ ახალი ელჩი დიდ ბრიტანეთში და მინდა ვუსურვო მას წარმატებები. შიდა პროცედურები დამთავრებულია. ახლა ვამზადებთ ნოტას [ბრიტანეთში] აგრემანის მისაღებად. როგორც კი პასუხი მოგვივა, შემდეგ ერთი-ორი კვირა ალბათ სავიზო პროცედურებს დასჭირდება და მე ვვარაუდობ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის [ჩავა ახალი ელჩი ლონდონში]”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა, ხელი გუშინ, 7 ივლისს მოაწერა, თუმცა მანამდე ამ თანამდებობაზე მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა.


“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, რადგანაც დიდი ბრიტანეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს ძალიან სერიოზული პარტნიორია. ჩვენ დიდხანს ვარჩევდით ამ თანამდებობაზე კანდიდატურას და მე ბედნიერი ვარ, რომ ბატონი რეზო [გაჩეჩილაძე] დათანხმდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი ლონდონში. ბატონი რეზო ძალიან გამოცდილი დიპლომატია და ჩვენი არჩევანი შეჩერდა მასზე”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე

 

თავის მხრივ, რევაზ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ახალ თანამდებობაზე მისი მუშაობის მიზანი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების განმტკიცება იქნება.


“გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ლონდონი ძალიან ძველი დიპლომატიური ცენტრია, სადაც წარმოდგენილია ისეთი საელჩოები, რომლებიც სხვა ქვეყნებში არ არის… ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ლონდონის მეშვეობით საქართველო შეიძლება თითქმის მთელ მსოფლიოს ელაპარაკოს”, – ამბობს იგი.


საქართველოს ბრიტანეთში ელჩია უკვე რამდენიმე თვეა არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ეს პოსტი გიორგი ბადრიძემ დატოვა. ჟურნალისტების კითხვას, რას აპირებს ახალი ელჩი ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შემოდგომით სწორედ ბრიტანეთში, კერძოდ, უელსში გაიმართება, გაჩეჩილაძე პასუხობს: 


“საქმე იმაშია, რომ აგრემანი ანუ თანხმობა ჯერ მიღებული არ არის, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და ვერ გეტყვით, ზუსტად როდის ვიქნები იქ… დიდი ალბათობით ნატოს სამიტს დავესწრები, მაგრამ ჩემი გავლენა მასზე ძალიან შეზღუდული იქნება, თუმცა მე ველოდები, რომ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *