ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა.
1972-1985 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომპარტიის პირველი მდივანი, ხოლო 1985 – 1990 წლებში -საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოში ედუარდ შევარდნაძე 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია.
ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ.
შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი.
მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.
2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა.
2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი ”ახალი საქართველოსთვის” ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 18.84 %-ით.[1]
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა მისი შედეგების გაყალბების გამო.
პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე, რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.
დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
