ქორეპისკოპოსის კრიტიკის მიზეზი საკონსტიტუცი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა. 

 

“იცით, რომ გულისტკივილი გამოიწვია, როდესაც მიწის გაყიდვა კვლავ დაიშვა. მადლობა ღმერთს, რეგულაციები კიდევ დაწესდება, არ გაიყიდება ეს მიწები, სანამ კარგად არ მოემზადებიან. ტყუილად ხომ არ იყვნენ გაჩერებულები, სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო, მაგრამ სასამართლომ რადგან ასე განსაჯა, უნდა მოვუსმინოთ მის ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩნდება კითხვები, სასამართლოს ვალია სიმართლის დადგენა. ის ისეთ გადაწყვეტიელბას მიიღებს, რომელიც ზოგ მხარეს არ მოეწონება, ზოგს მოეწონება, ესეც გასაგებია. იმისთვის არის სამართალი და სასამართლო, უნდა მოვუსმინოთ და თუ კანონმორჩილი ხარ, უნდა აღასრულო კიდევაც. ეს აჩქარება ბევრ კითხვას ბადებს, თუ რატომ მოხდა ახლა, ქვეყანას სხვა უამრავი პრიორიტეტი აქვს, სხვა სირთულეები გვაქვს, რომელიც უნდა გადავლახოთ და კიდევ ამის დამატება, როდესაც ქართველ კაცს ფული უჭირს. ამიტომ ასე ხელაღებით ჩვენი წინაპრების ნაბრძოლი და შემორჩენილი მიწის გასხვისება დამაფიქრებელია”.

 

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის მიუხედავად ხელისუფლების ამ შტოში მაინც ძველი კადრები დარჩნენ:

 

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ ჩაერევა სასამართლო საქმიანობაში, მართლაც ხედავთ, რომ პროკურატურიდან შედის საქმეები და სასამართლო მორჩილი ბავშვივით ყველა გადაწყვეტილებას არ ემხრობა. რასაც ამბობს პროკურატურა, თუ დასაბუთებული არ იქნა, არ იღებს. 3–4 წლის წინ ამას ვერ გაბედავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეებს თვითონ გაავსებდნენ. სახელმწიფომ ხელი აიღო ჩარევისაგან, მაგრამ ბრიყვები არავინ არ ვართ და რომ ვუყურებთ, ძველი გავლენისაგან განთავისუფლებული არ არიან. თუ რამით გაშინებენ, ერი მაგასაც გაპატიებთ, იმიტომ, რომ ვიცით მაშინ რა ხდებოდა. რომ არა თქვენი არასწორი ქმედებები, 200–ზე მეტი პოლიტპატიმარი ქვეყანას არ ეყოლებოდა. ამიტომ ვიფიქროთ დღესაც, რომ თქვენ არ იყოთ ის, რომლებიც სიმართლის დადგენის მაგივრად არეულობის სულისჩამდგმელები იქნებით. ყველაფერი გაქვთ თქვენ, რომ მართლაც სამართალს ემსახუროთ.  ავიღოთ ქუჩაში დახვრეტილი 150 ახალგაზრდაზე მეტი, რომელიც საქმეა გამოძიებული, ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლო იცლის მიწების გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. კონსტიტუცია რომ ასე ილახებოდა, რა გააკეთე? გააკეთე რამე, რომ იგივე ცდუნება არ გაუჩნდეს ახალ ხელისუფალს? “

 

პატრიარქის კორეპისკოპოსმა თბილისის მერის მოახლოვებულ არჩევნებზეც ისაუბრა და “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩია გვერდზე გადგნენ:

 

მოდის არჩევნები. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ჩვენთან ყველა გვერდზე ვერ დადგებოდა, რაღაც დანაშაული რომ ჰქონოდა ჩადენილი ადამიანს, ჩვენ კი არ ვეუბნებოდით არ დადგეო, თვითონ ვერ ბედავდა და ვერ მოდიოდა, იცოდა, რომ იქ არ იყო მისი საქმე. როდესაც ქართველმა ერმა ძალადობაზე დაფუძნებულ წესწყობილებას უარი უთხრა. თბილისში ყველა ყველას ცნობდა და თუ კარგი ოჯახის შვილი იყო, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, უკან რომ მოვლენ? ისევ ქუჩაში დახვრეტები? ისევ ციხეებში გაუპატიურება. ამის შიში რომ ჰქონდეთ და ეს აღარ ჩაიდინონ, ვიღაც ხომ უნდა მხილებულიყო? ეს ხომ სისტემა იყო. ამას ვერ იზამდა ვერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ვერ ვერავინ, რომ არა ის კაცი, რომელიც გაქცეულია და ქვეყანაში არ ჩამოდის. რომ მოდიხართ და თავს რომ გვთავაზობთ, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ და ჩამოაყალიბეთ რაღაცა. თუ ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა? შეიძლება მძიმე სიტყვები იყოს, მაგრამ როცა არ ხარ ღირსი სათავეში ყოფნის და უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ.  მე არ ვამბობ, რომ ახლა რომელი ძალაც არის, მასში ყველაფერი მოსაწონია, ხალხმა არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ. პირველად მოგვეცა საშუალება, რომ მართლაც ხალხმა აირჩიოს, უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევანი გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აყარეს ერს, უარი უნდა ეთქვას. გადაწყვეტილება არ არის მიღებული ჯერ და საზღვარგარეთ გარბიან, ხან რომელი საზღვარგარეთის მინისტრი ტვიტერებზე გვიწერს, ხან რომელი. აბა, ამერიკელებს დაუწერეთ და თავმოყვარე ერებს დაუწერეთ  და თუ შეგიშვებენ ქვეყანაში მერე. შეხედონ თავიანთ შეცდომებს, წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცებს არ უნდა გადაყვნენ პოლიტიკურ სამარეში, მით უმეტეს, ახალგაზრდობა. ძველად სკოლაში რომ ვსწავლობდი, ასეთ ხალხთან დგომა სირცხვილი იყო, კიდე კარგი საბჭოთა კავშირი არ არის, თორემ, მაშინ შეიძლებოდა სხვანაირად მოვქცეოდით მაგათ”. 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *