პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ეს დეპუტატის პირადი პოზიციაა.
“ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და, ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება. მან გააკეთა განმარტება. ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, თქვენ მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა ბახტაძემ.
გუნდის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით ბახტაძე ამბობს:
“მე გეტყოდით ჩემს პოზიციას – ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი ამ ინტერესებთან დაკავშირებით თანხვედრაშია. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცოცხალი პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება და ის თავისუფალია თავის კომუნიკაციაში საზოგადოებასთან”.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. როგორც დეპუტატმა დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინცზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ განწესების პროცესს უკავშირდება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადადო.