ახალი ამბები

ქეთი ციხელაშვილთან გავარკვევ ამ საკითხს – პრემიერი თამარ მეარაყიშვილზე

27 დეკემბერი, 2018 • 1756
ქეთი ციხელაშვილთან გავარკვევ ამ საკითხს – პრემიერი თამარ მეარაყიშვილზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამ საკითხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან განიხილავს.

მამუკა ბახტაძეს მეარაყიშვილის შესახებ დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ნეტგაზეთმა ჰკითხა.

“ქეთი არის ძალიან აქტიური მინისტრი და მე ვიცი პირადად, ის რამდენ ადამიანს ხვდება ყოველდღიურად ადგილზე და თუნდაც თბილისში. მე დარწმუნებული ვარ, ის ნებისმიერ აქტივისტს შეხვდება, ვისაც ექნება კონკრეტული მოსაზრება, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ შევამსუბუქოთ ის მდგომარეობა, რასაც, სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევთ”, – განაცხადა ბახტაძემ.

ნეტგაზეთმა პრემიერს შეახსენა, რომ თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის რეგიონში შინაპატიმრობაში იმყოფება და მინისტრს ვერ შეხვდება, რაზეც ბახტაძემ გვიპასუხა:

“მე ქეთისთან გავივლი ამ საკითხს და გავარკვევ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ ქეთი ციხელაშვილი და მისი აპარატი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მსგავსი პრობლემების გადაჭრაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დახმარების თხოვნით ოქტომბრის დასაწყისში მიმართა. მეარაყიშვილი წერდა, რომ, ფაქტობრივად, ტყვეობაში იმყოფება და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 3 სხვადასხვა მუხლით ასამართლებს.

“ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი წელი ციხე მელის. ერთი წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ ცხინვალში. როგორ ვახერხებ ამას? ჩემი ოჯახი, მეგობრები და უცნობი ადამიანები მეხმარებიან. მეორე ზამთარი დაიწყება ჩემთვის ამ მდგომარეობაში და გადავწყვიტე საჯაროდ გთხოვოთ დახმარება – შეშა გასათბობად, ელექტროენერგიის გადასახადი, ფქვილი, შაქარი, წნევის აპარატი. ყურადღება მჭირდება მეც და ჩემს ოჯახსაც”, – წერდა მეარაყიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ამ დრომდე პრემიერ-მინისტრის აპარატიდან არავინ გამოხმაურებია.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. 2017 წელს მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე [მათ შორის ცილისწამება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება] აღძრა. მას ჩამოართვეს პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის გარდა, გადაადგილება შეზღუდული აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი