ახალგაზრდობის საკითხები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა და პრემიერ-მინისტრის აპარატს დაექვემდებარება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
“განათლებასთან ერთად, ახალგაზრდობა და ინოვაციური პოლიტიკა, ახალგაზრდული ეკონომიკა, ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ სფეროში არის და მუდამ იქნება ჩვენი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადმოვა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რა მნიშვნელობას პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენ ამ მიმართულებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
2017 წელს, სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. მოგვიანებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროებიც გაერთაინდა.