ახალი ამბები

ამინდის გაუარესების გამო გზებზე შეზღუდვებია

27 დეკემბერი, 2018 • 1882
ამინდის გაუარესების გამო გზებზე შეზღუდვებია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით გზებზე დაწესებულია შეზღუდვები.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც “ნეტგაზეთს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექია – დასავლეთ საქართველოში წვიმს, აღმოსავლეთში ზოგან თოვს, ზოგან კი თოვლ-ჭყაპია. უამინდობა დღეს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხვალიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოში კი ნალექი 30 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი