ახალი ამბები

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის განხილვა გადადო

27 დეკემბერი, 2018 • 1288
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის განხილვა გადადო

26 დეკემბერს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

 

კობახიძემ განაცხადა, რომ “სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ” სურვილი გამოთქვა, კანდიდატები წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად აირჩიონ.

კობახიძის თანახმად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად” გადაწყვიტა პარლამენტმა, რომ მიმდინარე სესიაზე არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილება.

“ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით”, – თქვა კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარდგეილი კანდიდატების შესახებ უარყოფითად შეაფასეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა- ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე,  არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს მოუწოდა, შეეჩერებინათ უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი. იგი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და სხვები დაასახელეს

მასალების გადაბეჭდვის წესი