ახალი ამბები

ვფიქრობ, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს — ჩუგოშვილი

27 დეკემბერი, 2018 • 1601
ვფიქრობ, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს — ჩუგოშვილი

“ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს” — განაცხადა 26 დეკემბერს პარლამენტის ვიცესპიკერმა, “ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის ეთერში.

ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში — “მოამბე – დღის თემა” წამყვანის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ სია უკან უნდა გაიწვიონ, რადგან “კითხვები არსებობს როგორც ამ ათი ადამიანის შერჩევასთან, ასევე, ამ სიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით”.

მისივე თქმით, ახალი სია მას შემდეგ უნდა იქნას შემოთავაზებული, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები გაჩნდება.

მანამდე, 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადადო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაასახელა პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ესენი არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა- ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე, ომბუდსმენმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი